“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია “ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო კავშირის” დამკვირვებელი წევრი გახდა

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაცია “ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო კავშირის” დამკვირვებელი წევრი გახდა.

“ქართული ოცნების” ინფორმაციით, გადაწყვეტილება ამის შესახებ ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, “ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო კავშირის” კონგრესზე მიიღეს.

25-28 თებერვალს გამართულ კონგრესს ესწრებოდნენ “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი ბენაშვილი და პარტიის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი დიმიტრი ცქიტიშვილი, რომელიც 2008-2012 წლებში ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო კავშირის ვიცე პრეზიდენტი იყო. ფორუმი ოფიციალურად გახსნა ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა და კონგრესის ახალგაზრდა მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
“ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო კავშირის” წევრობა “ქართული ოცნების” ახალგაზრდულ ორგანიზაციას საშუალებას აძლევს აქტიურად ჩაერთოს ევროპულ სამოქალაქო-პოლიტიკურ აქტივობაში. ამასთან, ორგანიზაციის წევრებს საშუალება ექნებათ ევროპელ თანატოლებთან ერთად მიიღონ მრავალმხრივი ცოდნა და გამოცდილება.

ფორუმს სხვადასხვა ახალგაზრდული სოციალისტური ორგანიზაციების 200-მდე დელეგატი და მიწვეული სტუმარი დაესწრო. მათ შორის, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სახელისუფლებო და ოპოზიციური სოციალისტური პარტიების ახალგაზრდა წარმომადგენლებიც.
“ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო კავშირი” მსოფლიოში ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ახალგაზრდული ორგანიზაციაა, რომელიც 1907 წელს დაარსდა და 100-ზე მეტი ქვეყნის 150-მდე ახალგაზრდულ პოლიტიკურ ორგანიზაციას აერთიანებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები