“არ უნდა ჰქონდეთ “თავისუფალ დემოკრატებს” საფუძველი, იფიქრონ, რომ გამოძიება ტენდენციურია“
პოლიტიკას გამოვრიცხავ და დანარჩენი არ ვიცი, დაველოდოთ გამოძიებას, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.
“ეს საქმე ბოლომდე უნდა იქნას გამოძიებული და ყველა დამნაშავე დაისაჯოს. პოლიტიკას გამოვრიცხავ და დანარჩენი არ ვიცი, დაველოდოთ გამოძიებას. მე მგონი არ უნდა ჰქონდეთ “თავისუფალ დემოკრატებს” საფუძველი, იფიქრონ, რომ გამოძიება ტენდენციურია. თუ აქვთ რაიმე არგუმენტი, კი ბატონო. მე, რა თქმა უნდა, ვგმობ ასეთ საქციელს, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე მან გამაკრიტიკა და შეურაცხყოფა მომაყენა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი საქციელი, ვის მიმართაც არ უნდა იყოს იგი მიმართული, გამართლებულია, ეს რა თქმა უნდა დასაგმობია”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
რაც შეეხება, “თავისუფალი დემოკრატების” მოთხოვნას პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისა და გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირების თაობაზე, მეჭიაურის თქმით, ყველა გამოძიების დაწყებაზე თუ პრემიერი ჩაერევა, შედეგად ვერაფერს მივაღწევთ.