ნუკრი ქანთარია პეტრიაშვილის დაჭრაზე: ეს არის წინა რეჟიმის ხელწერა
„ლიკვიდაციისთვის ჯოხებით და იარაღით ერთად არ მიდიან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ “თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივნის, ალექსი პეტრიაშვილის დაჭრასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
როგორც ქანთარია აცხადებს, იგი პოლიტიკურ მოტივს თეორიულადაც კი გამორიცხავს.
“მე გულწრფელად, ძველი ურთიერთობებიდან გამომდინარე შემძრა ამ ამბავმა და ძალიან გულწრფელად მივედი თანადგომის გასახატად. ვინ რა ინტერპრეტაცია გაუკეთა ამას, მის ღირსებაზე და სინდისზე იყოს. თეორიულადაც კი გამოვრიცხავ პოლიტიკურ მოტივს.
დღესაც ვამბობ, ეს პირადი მტრების გაკეთებულია, ეს არის მათი შეკვეთილი. ასევე გეტყვით, ჯოხებით და იარაღით ერთად საერთოდ არ მიდიან ლიკვიდაციისთვის.
თეორიულადაც კი წარმოუდგენელია იმაზე საუბარი, რომ ვინმემ ეს ჩაიფიქრა და შეკვეთა გააკეთა. ეს არის წინა რეჟიმის ხელწერა, კლასიკური მაგალითები გვაქვს, როცა თვითონ ხელისუფლება ჩადიოდა ასეთ ორგანიზებულ დანაშაულს”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.