ფრაქცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლები დღეს პრემიერ-მინისტრს შეხვდებიან

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლები დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდებიან. შეხვედრა პარტიის ცენტრალურ ოფისში 14:00 საათზეა დაგეგმილი.
წინასწარი ინფორმაციით, პრემიერთან “ქართული ოცნების” დეპუტატები რამდენიმე საკანონმდებლო პროექტის ინიცირების საკითხზე აპირებენ კონსულტაციის გამართვას და პოზიციების შეჯერებას.
განხილვის ერთ-ერთი თემა ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილი კობა გვენეტაძის კანდიდატურის მხარდაჭერის საკითხზეც ისაუბრებენ.
როგორც ჟურნალისტებს დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ განუცხადა, პრემიერ-მინისტრთან დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე არანაირი საქმის გარჩევა არ მოხდება.
“ის გადამეტებული შეფასება, რომ ეს იქნება დაძაბული შეხვედრა, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის საქმიანი შეხვედრა პრემიერთან, რომელიც დაიგეგმა ფრაქციის მიერ. გვინდა მასთან ერთად გავიაროთ რამდენიმე საკითხი, რომელიც შეეხება რეფორმებს, პროექტებს. ეს იქნება ძალიან საქმიანი შეხვედრა და გამოვრიცხავ, რაიმე საქმის გარჩევა მოხდეს. ამგვარი განწყობებით არ ვიკრიბებით”, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები