შს მინისტრმა უშიშროების საბჭოს წევრებს ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტზე ინფორმაცია მიაწოდა
თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საქრთველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და სხდომის წევრებს “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
თუმცა, თინა ხიდაშელმა სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას არ დააკონკრეტა თუ რა ინფომაცია მიიღეს უშიშროების საბჭოს წევრებმა შს მინისტრისგან.
შეგახსენებთ, რომ “თავისუფალი დემოკრატების” გენერალურ მდივანზე თავდასხმა გუშინ საბურთალოს პანთეონში განხორციელდა. ალექსი პეტრიაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან 3 ტყვია ესროლეს და თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენეს.
გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის – ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.