პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
სხდომას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური ესწრებიან.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია საქართველოს სამხედრო ძალების სტრუქტურის განხილვა. მომხსენებლები არიან საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე.
„ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეროვნული უშიშროების საბჭო საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავს სამხედრო ძალების სტრუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.
საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამხედრო ძალების სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები