იან კელი ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტზე: იმედი მაქვს, რომ სრულყოფილი გამოძიება ჩატარდება

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი ალექსი პეტრიაშვილზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება. ელჩი საზოგადოებას მოუწოდებს გამოძიების შედეგებს დაელოდონ.
კელი იმედოვნებს, რომ ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე, ის აუცილებლად დაისჯება.
“როდესაც შევიტყვე ამ საშინელი თავდასხმის შესახებ, შოკირებული დავრჩი. პირველი, რაზეც ვიფიქრე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო. როგორც ვიცი, მისი ჭრილობები არ არის სიცოცხლისთვის საშიში, რის გამოც ყველა მოხარული ვართ. მე ვიცნობ ალექსის, რამდენჯერმე შევხვდი, ის არის ძალიან ჭკვიანი ადამიანი და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის დიდი ქომაგი. იმედი მაქვს, რომ მიმდინარეობს სრულყოფილი გამოძიება და ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე, ის აუცილებლად დაისჯება. მოვუწოდებ ყველას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და დაველოდოთ გამოძიების დასრულებას”,- განაცხადა ელჩმა.
შეგახსენებთ, რომ “თავისუფალი დემოკრატების” გენერალურ მდივანზე თავდასხმა გუშინ საბურთალოს პანთეონში განხორციელდა. ალექსი პეტრიაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან 3 ტყვია ესროლეს და თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენეს.
გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის – ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები