გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს მთავრობა საპენსიო რეფორმას გეგმავს

ჩვენ უნდა გავაერთიანოთ საზოგადოება პოზიტიური მიზნების გარშემო, დავძლიოთ პოლარიზაცია და მივაღწიოთ კონსენსუსს საზოგადოებაში და ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებს შორის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
პრემიერი ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ გამართულ სამუშაო სადილს დაესწრო, რომელზეც ბიზნესის, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და მათ ქვეყნის განვითარებისა და რეფორმების დღის წესრიგი გააცნო.
გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ბოლო რამდენიმე წელი ძალიან წარმატებული იყო საქართველოსთვის – ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ჩატარდა ასოცირების საბჭოს სხდომები ევროკომისიასთან ერთად, გრძელდება ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელება.
„ჩვენი მიზანია საქართველოს განვითარება და მისი ევროპულ ქვეყნად ჩამოყალიბება, რომელსაც აქვს ევროპული კანონები და რეგულაციები, ნაკლები ბიუროკრატია, მომგებიანი გეოგრაფიული მდებარეობა, დაბალი ფასები ენერგორესურსებზე და, რასაკვირველია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ყველა მეზობელ ქვეყანასთან, ევროკავშირთან. ახლახან ჩვენ დავიწყეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ჩინეთთან. იმედია, წლის ბოლომდე მივაღწევთ წარმატებას ამ მხრივ. ყოველივე ზემოთქმულის წყალობით, საქართველო არის განსაკუთრებული ქვეყანა რეგიონში. ჩვენ ვახორციელებთ მნიშვნელოვან რეფორმებს ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების ხორცშესასხმელად. ჩვენ ასევე ვუახლოვებთ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ნატოს სტანდარტებს, ვმონაწილეობთ რა მის სამშვიდობო მისიებში და მოუთმენლად ველით ვარშავის სამიტს, რათა კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ნატოს. ჩრდილოელ მეზობელთან კონსტრუქციული მიდგომის წყალობით, ჩვენ მივაღწიეთ სტაბილურობას, რაც გვაძლევს საშუალებას, უფრო დავუახლოვდეთ ევროპასა და ნატოს,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, ხელისუფლება მუშაობს 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმაზე. საქართველოს მთავრობამ უკვე განიხილა და მოიწონა მოგების გადასახადების გაუქმების ინიციატივა (ესტონური მოდელი), რაც გაზრდის კომპანიების ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობას და ხელს შეუწყობს რეინვესტირებას.
„რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენ გავატარებთ გადასახადების ადმინისტრირების რეფორმას, რათა ეს სისტემა მომხმარებელზე იყოს ორიენტირებული. საგადასახადო ინსპექტირება განხორციელდება მკაცრად დადგენილ ვადებში და მას განახორციელებს მხოლოდ საგადასახადო უწყება. ხოლო, ანგარიშების დაყადაღება განხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. გარდა ამისა, დღგ მოიხსნება იმპორტირებულ ტექნიკაზე. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ეკონომიკური დარღვევების დეკრიმინალიზაციაზე. ჩვენი რეფორმების მნიშვნელოვანი ნაწილია დამწყები ბიზნესების მხარდაჭერა. საქართველო აღარ არის პოსტსაბჭოთა ქვეყანა, მაგრამ ახალგაზრდების წარმოდგენაში პოსტსაბჭოთა აზროვნება მაინც არსებობს. ახალგაზრდები საჭიროებენ ბიზნესზე ორიენტირებულ ცოდნას. ამის მაგალითია ტექნოლოგიური პარკი, რომელიც დაეხმარება მათ ბიზნესზე ყურადღების გამახვილებაში. ამ პარკს ჩვენ ასევე გამოვიყენებთ ახალგაზრდების დამწყები ბიზნესების ხელშესაწყობად,” – აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, რეფორმების პროცესის მნიშვნელოვან ნაწილს სახელისუფლებო ინსტიტუტებსა და კერძო სექტორს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება წარმოადგენს. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ე.წ ფრონტ-ოფისის შექმნაზე, რომელიც „ერთი ფანჯრის“ სისტემით მიაწვდის საჯარო მომსახურებას იურიდიულ და კერძო პირებს.
„რეფორმების დღის წესრიგის კიდევ ერთი ბლოკი მოიცავს ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებას. მაგალითად, აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილი, ასევე სხვა გზატკეცილების მშენებლობა, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა კუთხეს აკავშირებს ერთმანეთთან და მეზობელ ქვეყნებთან, უფრო დაჩქარებული ტემპით განხორციელდება. ასევე დაჩქარდება სხვა პროექტების განხორციელება. მეოთხე ბლოკი კი ეხება განათლებას, ლაპარაკია გერმანული მოდელის შემოღებაზე,” – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთ სიახლეზე ისაუბრა – საქართველოს მთავრობა ქვეყანაში კაპიტალის მნიშვნელოვანი ბაზრის შექმნასა და საპენსიო რეფორმას გეგმავს. პრემიერის თქმით, რეფორმები წარმატებული ვერ იქნება კერძო სექტორისა და ბიზნესსაზოგადოების მხარდაჭერის გარეშე. მან მადლობა გადაუხადა ამერიკის სავაჭრო პალატას და მის პრეზიდენტს, სარა ვილიამსონს თანამშრომლობისთვის. ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა სარა ვილიამსონმა საქართველოს ხელისუფლებას რეფორმების განხორციელებაში წარმატებები უსურვა და სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები