თამარ კორძაია: საფუძველი იმისა, რომ ანა დოლიძეს პუტინის რეჟიმისადმი რაიმე სიმპათიები აკავშირებს, არ არსებობს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ კორძაია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ძალა, პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს.
კორძაიას თქმით, ანა დოლიძეს რომ პუტინის რეჟიმისადმი რაიმე სიმპათიები აკავშირებს, უსაფუძვლოა.
“ნაციონალური მოძრაობა”, როგორც პოლიტიკური ძალა, აკეთებს პოლიტიკურ შეფასებებს, თუმცა, ვფიქრობ, არავითარი საფუძველი იმისა, რომ ანა დოლიძეს პუტინის რეჟიმისადმი რაიმე სიმპათიები აკავშირებს, არ არსებობს, ეს უბრალოდ აბსურდია”, – განაცხადა კორძაიამ.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ანა დოლიძე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ორგანიზაცია „რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივასთან“ აქტიურ თანამშრომლობაში დაადანაშაულა.
მათი მტკიცებით, აღნიშნულმა ორგანიზაციამ საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში არაერთი სარჩელი შეიტანა და საქართველო ცხინვალის დაბომბვისას რუსეთის მოქალაქეების განზრახ მკვლელობაში დაადანაშაულა.
აღნიშნულ ბრალდებებს თავად ანა დოლიძე გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ უმცირესობას საკმარისი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ მისი ბიოგრაფიით დაინტერესებულიყო, მაშინ როდესაც იგი თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტს უკვე 10 თვეა იკავებს.
საქართველოს პრეზიდენტმა ანა დოლიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად გუშინ დაასახელა. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი დოლიძის კანდიდატს მხარს დაუჭერს, უზენაეს სასამართლოში იგი ლევან მურუსიძეს შეცვლის, რომელმაც ცოტა ხნის წინ სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა.