კონკურს „ქართული ა“-ს პრეზენტაცია გაიმართა

დიზაინერ ზვიად ციკოლიას ინიციატივით, ქართული შრიფტების კონკურსის – “ქართული ა”-ს პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ორგანიზატორები და იდეის ავტორები შეიკრიბნენ. კონკურსის მიზანსა და დეტალებზე „კვირა“ „ქართული ა“-ს ინიციატორს, ზვიად ციკოლიას ესაუბრა: 

ზვიად ციკოლია:
„კონკურსი „ქართული ა“ მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენი შრიფტების მრავალფეროვნება გაიზარდოს. ძალიან ცოტა შრიფტს ვიყენებთ იმის გამო, რომ გრამატიკულად გამართული ცოტაა. რაც დღეისთვის წარმოდგენილია, ისიც 60-70 იან წლებში არის გაკეთებული. ამიტომ გადავწყვიტე, ასეთი კონკურსის ჩატარება, რომელსაც პროექტ „წერე ქართულად“ ერთად ვახორციელებ“.
– კონკურსში მონაწილეობა ვის შეუძლია?
– რეგისტრაცია ნებისმიერ მსურველს შეუძლია. რამდენიმე დღეში ამუშავდება ჩვენი ვებგვერდი: http://georgiana.ge/, სადაც კონკურსში მონაწილეობის მსურველები რეგისტრაციის გავლას და პირობების გაცნობას შეძლებენ. შემოსულ განაცხადებს კონკურსის ჟიური განიხილავს და თითოეულ ნომინაციაში საუკეთესოს გამოავლენს. კონკურსანტების ნამუშევრები ინტერნეტშიც განთავსდება, იმისათვის, რომ ყველას შეეძლოს მისთვის სასურველი შრიფტისთვის ხმის მიცემა. პროექტის დასასრულისთვის 16 ფონტი გაციფრულდება, რომლებიც მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა ელექტრონულ მოწყობილობაში.
– მომავალში კი Windows-ში აიტვირთება…
– Windows -თან ვთანამშრომლობთ და კონკურსის დასრულების შემდეგ Windows-ი გამოიყენებს გამარჯვებულ შრიფტებს. მათთან უშუალო მოლაპარაკებებს აწარმოებს რამდენიმე კომპანია, ჩვენ კონკურსის ორგანიზატორები ვართ. მინდა აღვნიშნო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც Microsoft-თან ერთად ხორციელდება. Bing Translation Project-ის მთავარი მიზანია, შეიქმნას ქართულ-ინგლისური პარალელური სათარგმნი ბაზა, რომელიც რეალურად ნიშნავს თარგმანს სხვა უცხოურ ენებზეც და გადათარგმნა მოხდეს არა ცალკეული სიტყვების, არამედ წინადადების, რომ აზრი არ დაიკარგოს. უკვე ნათარგმნი წინადადებების ბაზა კი Microsoft Machine Learning API-თან ინტეგრირდება, რათა შემდგომ პროგრამამ თავად შეძლოს ნებისმიერი ქართული წინადადების სწორად თარგმნა.

ნინო ჯაჯანიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები