ანა დოლიძე „ნაციონალურ მოძრაობას“: საშინაო დავალება თავის დროზე ყველამ უკეთესად მოამზადოს
„საშინაო დავალება თავის დროზე ყველამ უკეთესად მოამზადოს“, – ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრის მოქმედმა მოადგილემ და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, ანა დოლიძემ საპარლამენტო უმცირესობის ბრალდებებს.
როგორც დოლიძემ აღნიშნა, 10 თვეა ის უკვე თავდაცვის მინისტრის მოადგილეა და მისი ბიოგრაფიით საპარლამენტო უმცირესობა ბევრად ადრე უნდა დაინტერესებულიყო.
„უამრავი დრო იყო, რომ უმცირესობის რომელიმე წევრს შეემოწმებინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი, სადაც ჩემი ბიოგრაფიაა განთავსებული.
თუ აგვისტოს ომთან რაიმე კითხვები ჰქონდათ დასასმელი, 10 თვე იყო ამისთვის, მე ვფიქრობ, ძალიან საკმარისი. გარდა ამისა, უფრო უპრიანი იქნებოდა, ეს კითხები დაესვათ თავდაცვის მინისტრის მოადგილისათვის, ვიდრე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატისთვის. მოვუწოდებ, რომ საშინაო დავალება, ყველამ უკეთესად მოამზადოს თავის დროზე“,- განაცხადა დოლიძემ.
საპარლამენტო უმცირესობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ანა დოლიძეს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ორგანიზაცია „რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივასთან“ აქტიურად თანამშრომლობაში ადანაშაულებს.
უმცირესობის მტკიცებით, ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში – სტრასბურგში უჩივის საქართველოს სახელმწიფოს და ამტკიცებს, რომ ცხინვალის დაბომბვის დროს საქართველომ განზრახ მოკლა რუსეთის მოქალაქეები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ ბიოგრაფიაში წერია, რომ ანა დოლიძეს შესრულებული აქვს ადამიანთა უფლებების კვლევა “Russia Justice Initiative” და ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ანა დოლიძე გუშინ წარადგინა. თუკი მის კანდიდატურას პარლამენტმა მხარი დაუჭირა, ანა დოლიძე უზენაეს სასამართლოში ლევან მურუსიძეს შეცვლის, რომელიც ცოტა ხნის წინ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა.