„უმჯობესია „ქართული ოცნება“ ამომრჩევლის წინაშე ბლოკის სახით წარდგეს“

„მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში გავრცელებული პრაქტიკაა საარჩევნო პარტიების მხრიდან დამოუკიდებელი კენჭისყრის შემდეგ უკვე პარლამენტში გაერთიანება, მე მაინც მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე სჯობს, კოალიცია „ქართული ოცნება“ ბლოკის სახით წარდგეს ამომრჩევლის წინაშე“,- აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
მისი თქმით, კოალიციამ ენერგია უნდა მიმართოს იქითკენ, რომ იდეოლოგიურ და პროგრამურ საკითხებზე შეთანხმდნენ და ერთად წარდგნენ ამომრჩევლის წინაშე, რადგან, დეპუტატის განცხადებით, პარტიების მხრიდან ცალ-ცალკე კენჭისყრის შემთხვევაში არჩევნების შემდეგ, პარლამენტში გაერთიანება უფრო გართულდება.
„პარტიების არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შემთხვევაში, სუბიექტები წარმოადგენენ განსხვავებულ საარჩევნო პროგრამას, ეს განსხვავება კი შესაძლოა, ისეთი დიდი აღმოჩნდეს, რომ პარლამენტში გაერთიანება ვეღარ მოხდეს. ამ ეტაპზე სჯობს ენერგია და დრო ბლოკის ფორმირებისას იდეოლოგიურ და პროგრამურ საკითხებზე შეთანხმებაში დავხარჯოთ, ვიდრე ყველამ ცალ-ცალკე იყაროს კენჭი და მერე გავერთიანდეთ. შემდეგ გაერთიანება უფრო გართულდება და ამომრჩეველში დატოვებს იმის განცდას, რომ ამა თუ იმ პოლიტიკურმა ჯგუფმა უღალატა ამომრჩევლის ნებას და ძალაუფლების მოპოვების მიზნით სხვა პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანდა. ჩვენ უნდა შევჯერდეთ საპროგრამო დებულებებზე და ერთიანად წარვდგეთ ამომრჩევლის წინაშე“,- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა. რაც შეეხება კოალიციის შიგნით „რესპუბლიკელებსა“ და „მრეწველებს“ შორის დაპირისპირებას, დეპუტატის თქმით, ისინი ერთმანეთთან შეთანხმდებიან, რადგან ორივე ჯგუფი მიხვდა, რომ ამ დაპირისპირებით ორივე მხარე აგებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები