თინა ხიდაშელმა ეუთოს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის ვიზიტი ავსტრიაში დასრულდა. მინისტრი ეუთოს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმზე მონაწილეობდა. თინათინ ხიდაშელმა ფორუმი და ფორუმის ფარგლებში გამართული ორმხრივი შეხვედრები ნაყოფიერ და შედეგზე ორიენტირებულ შეხვედრებად შეაფასა.
მისი თქმით, საქართველო აქტიურად განაგრძობს საერთაშორისო ფორუმებისა და მაღალი ტრიბუნების გამოყენებას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების უზრუნველყოფისთვის.
ეუთოს გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ძანიერმა თინა ხიდაშელთან შეხვედრა დადებითად შეაფასა.
“ძალიან კარგი შეხვედრა იყო. განვიხილეთ საქართველოსა და ეუთოს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები და, რა თქმა უნდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე პროექტები. ჩვენ დიდ პროექტებს ვახორციელებთ… ეს საკითხები ორგანიზაციის დღის წესრიგში მნიშვნელოვან საკითხად რჩება”, – განაცხადა ეუთოს გენერალურმა მდივანმა.
თინა ხიდაშელის თქმით, მსგავსი ტიპის ფორუმებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.
„უმნიშვნელოვანესია, როდესაც საშუალება გვეძლევა, მონაწილეობა მივიღოთ ასეთ ფორუმებში. დღეს ამ სხდომას ეუთოს ყველა ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. მოვისმინეთ უკიდურესად პოზიტიური განცხადებები ევროკავშირისგან, თავად ევროკავშირის სახელით, ასევე მისი წევრი ქვეყნების, ევროკავშირის არაწევრი სხვა ევროპული სახელმწიფოების, ჩვენი მეზობლების – სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები