„ჩვენ გადავწყვიტეთ, ვთხოვოთ პარლამენტს, გასული წლის ბოლომდე საგადასახადო შეღავათის მოქმედება გააგრძელოს”

პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ვთხოვოთ საქართველოს პარლამენტს, გააგრძელოს გასული წლის ბოლომდე არსებული საგადასახადო შეღავათის მოქმედება მათთვის, ვისაც ახალი კანონის მიღების შემდეგ ეს შეღავათი გაუუქმდა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საგადასახადო შეღავათების აღდგენის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ხადურის თქმით, აღნიშნული შეღავათი წელიწადში 3 000 ლარამდე შემოსავლის 10%-ით დაბეგვრას ითვალისწინებს.
“მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა ახალი კანონი, რომელიც მაღალმთიან რეგიონებში გარკვეული ტიპის ღონისძიებებს, მათ შორის, საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს.
ქალაქი ტყიბული არ არის მაღალმთიან ზონაში, ის არის ზღვის დონიდან დაახლოებით 700 მეტრზე და, შესაბამისად, არ ყოფილა შეყვანილი ახალ ჩამონათვალში. ამავე დროს ჩვენ გავითვალისწინეთ ის, რომ ასეთი შეღავათი არსებობდა 31 დეკემბრის ჩათვლით და პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ვთხოვოთ საქართველოს პარლამენტს, გააგრძელოს გასული წლის ბოლომდე საგადასახადო შეღავათის მოქმედება მათთვის, ვისაც ახალი კანონის მიღების შემდეგ ეს შეღავათი გაუუქმდა. საუბარი შეეხება ამ შემთხვევაში არა მხოლოდ მაღაროელებს, არამედ იმათ, ვისაც ეს შეღავათი ჰქონდა”, – განაცხადა ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები