გიორგი მარგველაშვილი: დარწმუნებული ვარ, ანა დოლიძე შეინარჩუნებს იმ პრინციპულობას, რაც წინა ხელისუფლების დროს ახასიათებდა
„დარწმუნებული ვარ, ანა დოლიძე ამ მნიშვნელოვან პოსტზე შეინარჩუნებს იმ ღირებულებას და პრინციპულობას, რაც მას ახასიათებდა წინა ხელისუფლების დროს“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატად თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა დოლიძის წარდგენისას განაცხადა.
ქვეყნის პირველმა პირმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტი დოლიძის კანდიდატურას უმოკლეს დროში დაამტკიცებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ანა დოლიძე ამ მნიშვნელოვან პოსტზე შეინარჩუნებს იმ ღირებულებას და პრინციპულობას, თითოეული ჩვენგანივით, რაც მას ახასიათებდა წინა ხელისუფლების დროს. ამ პრინციპულობას ქალბატონი ანა მომავალშიც გაატარებს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტი უმოკლეს ვადაში განაწესებს ანა დოლიძეს ამ სამსახურში“,-განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატად ანა დოლიძე რადენიმე წუთის წინ წარადგინა. თუკი მის კანდიდატურას პარლამენტმა მხარი დაუჭირა, ანა დოლიძე უზენაეს სასამართლოში ლევან მურუსიძეს შეცვლის, რომელიც ცოტა ხნის წინ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა.