ირაკლი სესიაშვილი: ცილისწამება დასჯადი რომ გახდეს, ეს მედიას შეზღუდავს და ამის მომხრე არ ვარ
მსოფლიოში ცილისწამება რომ დასჯადი იყოს, ეს გარკვეულ პრობლემას შეუქმნიდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა საკრებულოს დეპუტატ თედო კობახიძის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც ცილისწამების მუხლი “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” დაბრუნდეს.
როგორც სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, ცილისწამების მუხლით დასჯადობა კოდექსიდან სწორედ მედიის თავისუფლების გამო ამოიღეს.
“მსოფლიოში ცილისწამება რომ დასჯადი იყოს, ეს გარკვეულ პრობლემას შეუქმნიდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. მაშინ, როცა ეს ცვლილება განვახორციელეთ და ამოვიღეთ ეს მუხლი, პირველ რიგშილ გავითვალისწინეთ მედიის თავისუფლება”, – განაცხადა სესიაშვილმა.
მისივე თქმით, ცილისწამება სისხლის სამართლებრივად დასჯადი არ უნდა იყოს, თუმცა უნდა არსებობდეს ქმედითი ნაბიჯები იმისთვის, რომ ნებისმიერი ადამიანი იყოს დაცული, რათა მისი იმიჯი არ შეილახოს. “ცილისწამება რომ სისხლის სამართლებრივად დასჯადი გახდეს, ეს მედიას შეზღუდავს და მე ამის მომხრე არ ვარ”, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.