დავით უსუფაშვილი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება, შეხვედრა მასპინძელი ქვეყნის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან, ჩანგ უი-ჰვასთან გამართა.
კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა დავით უსუფაშვილს და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მსგავსად, მისი ქვეყანაც დიდი ტრადიციებითა და სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, კორეის რესპუბლიკაში ვიზიტი პატივია საქართველოს პარლამენტის დელეგაციისთვისაც.
მისივე თქმით, ორივე ქვეყნის ხელისუფლება ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მოსურნეა და სწორედ ამას ისახავს მიზნად კორეის რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტიც.
როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, დელეგაციის თითოეული წევრი, მზადაა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებაში თავისი წვლილი შეიტანოს.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს ერთმანეთისგან დიდი მანძილი აშორებთ, ქვეყნებმა აქტიურად უნდა იმუშაონ იმისთვის, რომ ბიზნეს და ხალხთა შორის ურთიერთობებმა და კულტურულმა კავშირებმა ეს მანძილი მაქსიმალურად შეამციროს.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისა და მისი პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს. ჩანგ უი-ჰვამ დავით უსუფაშვილს რეგიონში განვითარებული მოვლენები და საგარეო მიმართულებით არსებული გამოწვევები გააცნო და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს საერთაშორისო ფორუმებზე მისი ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებითა და რეგიონში არსებული გამოწვევებითაც დაინტერესდა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი და საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის უკვე არსებული ბიზნეს პროექტები, მათ შორის, ნენსკრა ჰესის პროექტიც.
კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერის განცხადებით, მისი ქვეყანა სრულად უჭერს მხარს საქართველოს დიპლომატიურ აქტივობას როგორც რეგიონში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ.
მისივე თქმით, მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად, საქართველომ და კორეის რესპუბლიკამ მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ.
ჩანგ უი-ჰვამ კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დამყარებული 24 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ურთიერთობა წარმატებულია და მომავალში კიდევ უფრო გააქტიურდება. როგორც კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა აღნიშნა, ამას ადასტურებს საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტიც. ჩანგ უი-ჰვამ გაიხსენა საქართველოში ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრების ვიზიტიც.
შეხვედრაზე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე, ვიზალიბერალიზაციის, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხებზე ისაუბრეს.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, სასურველია, კორეის რესპუბლიკამ და საქართველომ ეკონომიკურ საკითხებსა და ტურიზმის სფეროში უფრო აქტიურად ითანამშრომლონ. ჩანგ უი-ჰვას განცხადებით, მისი ქვეყანა მზადაა, საქართველოს ეკონომიკური პროგრესის მიღწევის საკითხებში გამოცდილება გაუზიაროს.
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, კორეის რესპუბლიკაში ვიზიტს 28 თებერვალს დაასრულებს. დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის წევრები – დიმიტრი ხუნდაძე, შოთა ხაბარელი და ზურაბ აბაშიძე, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ზურაბ მარაქველიძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი დავით მაღრაძე შედიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები