დავით ნარმანია იანოშ ჰერმანს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია ევროკავშირის ელჩს საქართველოში, იანოშ ჰერმანს შეხვდა. შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე ესწრებოდა. შეხვედრაზე საუბარი ევროკავშირის წარმომადგენლობასა და თბილისის მერიას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას შეეხო.
თბილისის მერიის ინფორმაციით, განიხილეს მუნიციპალური ტრანსპორტის მიმართულებით დედაქალაქის ხელმძღვანელობის გეგმები, ასევე წამოწყებულ პროექტებში ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან თბილისის დახმარების შესაძლებლობა.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი მიმდინარე პროექტები და პროგრამები იყო.
„ვისაუბრეთ ევროკავშირის წარმომადგენლობასა და თბილისის მერიას შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის მუნიციპალური ტრანსპორტის მიმართულებით იყო გარკვეული საკითხები, რაც აინტერესებს წარმომადგენლობას, რათა ერთობლივად ვიმუშაოთ საგრანტო კომპონენტის გამოყოფაზე.
ასევე ვისაუბრეთ ისეთ პროექტებზე, რომელიც დაკავშირებულია დედაქალაქის მდგრად განვითარებასთან, მათ შორის, ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებებზე და სამომავლო პროექტებზე, ასევე, დედაქალაქის მერიის ჩართულობაზე ევროპის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში, რაშიც ჩვენ ტრადიციულად ვმონაწილეობთ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
როგორც ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია იმ პროექტების განხორციელება, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების მიზნების მიღწევას ემსახურება.
„თანამშრომლობა ევროკავშირსა და საქართველოს, ასევე, თბილისს შორის, ძალიან მჭიდრო და მრავალმხრივია. განვიხილეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მდგომარეობა დედაქალაქში, წამოწყებულ პროექტებში ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან თბილისის დახმარების შესაძლებლობა. გარდა ამისა, განვიხილეთ ჰაერის დაბინძურების შემცირების საკითხები. აღნიშნული საკითხები საბოლოოდ ემსახურება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების მიზნების მიღწევას. რა თქმა უნდა, პრობლემების მოგვარება, იქნება ეს საცობები თუ სხვა, ვერ მოხდება ერთ დღეში, მაგრამ საჭიროა ხანგრძლივი, ინტენსიური და კომპლექსური მუშაობა, რომელიც დროდადრო დადებით შედეგებს გამოიღებს“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები