მიხეილ ჯანელიძე ნილს ანენსს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა გერმანიის მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის საგარეო პოლიტიკურ სპიკერს ნილს ანენსს.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო გერმანიის ურთიერთობაზე, მინისტრმა მადლობა გადაუხადა მმართველი პარტიის წარმომადგენელს გერმანიის მხარდაჭერისთვის, როგორც საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების, ასევე ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.
განსაკუთრებით აღინიშნა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ბუნდესტაგის დეპუტატის განცხადებით სოციალ-დემოკრატიული პარტია მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ რეფორმებს, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის და ევროკავშირთან სავიზო დიალოგის ფარგლებში.
„გამოვხატე ჩემი მხარდაჭერა ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოსთან მიმართებაში არსებობს მხოლოდ ტექნიკური ხასიათის საკითხები, რომელიც შეიძლება იქნას გადაჭრილი ძალიან მოკლე დროში. საბოლოო გადაწყვეტილება ეკუთვნის ევროკავშირს, თუმცა ჩვენ, სოციალ-დემოკრატიულ პარტიას გვჯერა, რომ ეს არის ლოგიკური ნაბიჯი წარმატებული პროცესისა“- განაცხადა ნილსს ანენსმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბუნდესტაგის წევრს საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის, რაც ბუნდესტაგის მიერ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებითაც გამოიხატა.
“გერმანია და გერმანიის პარლამენტი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც მოახდინა ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება და ეს იყო ძალიან დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა პირველ რიგში, რომ მათ ასე სწრაფად მოახდინეს შეთანხმების რატიფიცირება და ისინი გააგრძელებენ ასეთივე პოლიტიკურ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლის” – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები