პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით პროექტი „სახელმწიფო მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმი“ მარტში დაიწყება

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით პროექტი -„სახელმწიფო მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმი“ მარტში დაიწყება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პროექტის მიზანია სახელმწიფო მოწყობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე საჯარო, აკადემიური და პოლიტიკური დისკუსიების მოწყობა.
ამ აქტივობებში მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები, პროფესორები, დიპლომატიური კორპუსის, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პროექტს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი განახორციელებს.
პროექტის დირექტორის, პროფესორ მამუკა ბერიაშვილის განცხადებით, ეს არის განმანათლებლური პროექტი და მიზნად ისახავს საზოგადოებაში სახელმწიფოებრივი გაგების, აზრის ჩამოყალიბებას – ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, რაც ჩვენ ჩაგვაყენებს ევროპული, თავისუფალი, კონსტიტუციური სახელომწიფოების რიგში.
11 თვის განმავლობაში პროექტის ფარგლებში იგეგმება წამყვანი უცხოელი პროფესორების მოწვევა, რომლებიც საჯარო ლექციების სერიებს ჩაატარებენ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში და პრეზიდენტის სასახლეში.
პროექტის დირექტორის მოადგილის ირინე გორგილაძის განცხადებით, ლექციები შეეხება დემოკრატიული სახელმწიფოს მოწყობის, დემოკრატიის, კონსტიტუციური და სოციალური სახელმწიფოს, ადამიანის უფლებების აღიარების და რელიგიის ფილოსოფიის თემატიკას. ამ საკითხებთან დაკავშირებით გაიმართება პანელდისკუსიები და ვორქშოპები რეგიონებშიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები