დავით უსუფაშვილი იაპონიის ზედა პალატის პრეზიდენტს შეხვდა

იაპონიის დედაქალაქში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, რომელსაც დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, შეხვედრა იაპონიის ზედა (მრჩეველთა) პალატის პრეზიდენტთან, მასააკი იამაძაკისთან გამართა. მასააკი იამაძაკის განცხადებით, ის მოხარულია, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ტოკიოში ვიზიტით იმყოფება.
საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების შესახებ საუბრისას, იაპონიის ზედა პალატის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მხრივ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი განსაკუთრებით დროული და მნიშვნელოვანია.
მასააკი იამაძაკიმ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზეც ისაუბრა და საქართველოს მიერ დემოკრატიის, თავისუფალი ბაზრის განვითარებისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით მიღწეული პროგრესი დადებითად შეაფასა.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველო მზადაა, მაქსიმალური ძალისხმევა გასწიოს იაპონიასთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დემოკრატიას ახლა აშენებს, დიდი ტრადიციების ქვეყანაა და მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს.
მასააკი იამაძაკის განცხადებით, იაპონია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
დავით უსუფაშვილმა იაპონიის ზედა (მრჩეველთა) პალატის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია. თავის მხრივ, მასააკი იამაძაკიმ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრები რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს დაესწრებიან, რომელიც 2019 წელს იაპონიაში გაიმართება.
ცნობისთვის, ტოკიოში გამართულ შეხვედრებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, პარლამენტის წევრები-დიმიტრი ხუნდაძე, შოთა ხაბარელი და ზურაბ აბაშიძე ესწრებიან. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის აპარატის უფროსი, ზურაბ მარაქველიძე და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, დავით მაღრაძე შედიან. საპარლამენტო დელეგაცია იაპონიაში ვიზიტს 24 თებერვალს დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები