ღვინის აღმართზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს – ფოტოკოლაჟი
თბილისის განვითარების ფონდი ღვინის აღმართზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს 2015 წლიდან ახორციელებს. ღვინის აღმართი N 8 -ში მდებარე შენობის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს ღვინის აღმართი N1,3,5 და N 7 – ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის მქონე შენობების კონსტრუქციული გამაგრება. გამოიცვალა დაზიანებული დეკორატიული ელემენტები, განხორცილდა საღი ნაწილების რესტავრაცია. გარდა შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოებისა, მიმდინარეობს შიდა ეზოების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები.
ღვინის აღმართი N1,3,5 და N7-ში იცვლება ხის დეკორატიული ელემენტები და ხდება ფასადებისა და კედლების კონსტრუქციების აღდგენა – რესტავრაცია. გარდა ამისა, ღვინის აღმართი N1 და N8-ში დასრულდა გადახურვის სამუშაოები, ძველი დაზიანებული სახურავები თუნუქის მაღალი ხარისხის სახურავებით შეიცვალა. სახურავების გამოცვლა ასევე მიმდინარეობს ღვინის აღმართი N1,3 და N7-ში.
ღვინის აღმართი თბილისის ისტორიულ ნაწილში განსაკუთრებული მიმზიდველობით გამოირჩევა, სადაც ლანდშაფტი და ურბანული განაშენიანება სრულ ჰარმონიაშია ერთმანეთთან. ეს მონაკვეთი მტკვრის სანაპიროსა და ძველი თბილისის თითქმის ყველა წერტილიდან ხელის გულივთ მოჩანს და მისი აღდგენა – რეაბილიტაცია ქალაქის განაშენიანებისთვის უმნიშვნელოვანესია. ღვინის აღმართის სარეაბილიტაციო -სარესტაცრაციო სამუშაოები მთლიანად 2016 წლის მაისში დასრულდება.