რუსეთი უკრაინიდან დევნილების ციმბირში გადასახლებას გეგმავს
რუსეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა სახელმწიფო სათათბიროს „კომუნისტური პარტიის“ ფრაქციის წევრების ინიციტივას, რომელიც უკრაინელი ლტოლვილების ციმბირში და შორეულ აღმოსავლეთში გადასახლებას ითვალისწინებს. ამის შესახებ გაზეთი „იზვესტია“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ლტოლვილების გადასახლება ნებაყოფლობითი უნდა იყოს. რუსეთის აღმოსავლეთის განვითარების სამინისტრომ („მინვოსტოკრაზვიტია“) საკუთარი პოზიცია უკვე გააცნო ფედერალურ მიგრაციულ სამსახურს. შესაბამის რეგიონებში 2020 წლამდე 50 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
„ლტოლვილების ჩასახლების ადგილებია: ბურიატიის რესპუბლიკა, იმიერბაიკალეთი, კამჩატკა, პრიმორსკის ოლქი, ხაბაროვსკის მხარე, ამურის ოლქი, ირკუტსკის ოლქი, მაგადანის ოლქი, სახალინის ოლქი და ებრაელთა ავტონომიური ოლქი“, – ნათქვამია აღმოსავლეთის განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინის ლტოლვილების გადასახლების იდეის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ეს პროცესი ციმბირის და შორეული აღმოსავლეთის განვითარებას ხელს შეუწყობს.