თურქეთი აშშ-ს და პარტნიორებს სირიაში სახმელეთო ოპერაციის დაწყებისკენ მოუწოდებს

თურქეთმა მოუწოდა კოალიციას, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს, სირიაში სახმელეთო სამხედრო ოპერაცია დაიწყოს, რათა ბოლო მოეღოს ქვეყანაში ხუთი წლის მანძილზე არსებულ შეიარაღებულ კონფლიქტს. ანკარაში აცხადებენ, რომ ასეთი ოპერაციის გარეშე სირიაში მშვიდობის დამყარება შეუძლებელია. ამასთანავე, თურქეთი მსგავსი ოპერაციის ჩატარებას მარტო არ აპირებს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
„თურქეთი სახმელეთო ოპერაციას მარტო არ დაიწყებს. ამიტომ ვთხოვთ კოალიციის პარტნიორებს, რომ მათ ეს ოპერაცია განახორციელონ. ჩვენ ამ საკითხს მოკავშირეებთან უკვე განვიხილავთ“, – განაცხადა სტამბოლში გამართულ ბრიფინგზე თურქმა ჩინოვნიკმა, რომლის გვარიც არ სახელდება.
ცნობისთვის, კალიციაში, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს, 50 ქვეყანა, მათ შორის თურქეთი და საუდის არაბეთი შედიან. ეს სახელმწიფოები სირიაში 2014 წლიდან საჰაერო ოპერაციას ატარებენ. რამდენიმე დღის წინ სირიაში სამხედრო ძალების გაგზავნის მზადყოფნა საუდის არაბეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა გამოხატეს. მათ აღნიშნეს, რომ ოპერაციას აშშ-ის და კოალიციის თანხმობის შემთხვევაში განახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები