თეა პერტაია: „ბიო“ – ესაა სიკვდილი, ესაა დამახინჯებული სიცოცხლე და მომავალი თაობა!

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა პერტაია ე.წ ბიოს მოხმარების ნეგატიურ მხარეებთან დაკავშირებით ფეისბუქის პირად გვერდზე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს.
„ყველაფერი სწორედ მცირე დოზიდან იწყება… „ბიოს“ პირველადი მიღებაც კი შეიძლება სიკვდილის მიზეზი გახდეს! რეგულარული მოხმარება – ადამიანის ჭკუასუსტობასა და დეგრადირებას იწვევს! „ბიო“ – ესაა სიკვდილი, ესაა დამახინჯებული სიცოცხლე და მომავალი თაობა! არ მინდა, რომ ეს მხოლოდ ლიტონ სიტყვებად აღიქმებოდეს. ესაა ძალიან დიდი საშიშროება და დღეს ვხვდები, რომ მავანნი ამას ადეკვატურად ვერ აღიქვამენ და იაზრებენ… შსს ახდენს ნარკოდანაშაულის პრევენციას და ჩვენი ახალგაზრდების, მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენას! ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა სახელმწიფო უნდა იყოს უკომპრომისო და პრინციპული. ჩვენმა უწყებამ ზუსტად იცის, რას აკეთებს და ისიც, რომ დასახული მიზნის მისაღწევად და ამ საწამლავისგან ადამიანების დასახსნელად, ჩვენ არაპოპულარულ ნაბიჯებსაც არ მოვერიდებით. დიახ, „ბიოს“ დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება კანონით ისჯება და დღეს თუ არ გადავდგით შესაბამისი ნაბიჯები, ხვალ იქნება ძალიან გვიან!
სამინისტროს საინფორმაციო კამპანიამ მრავალი ადამიანის, მათ შორის, მოზარდის სიცოცხლე იხსნა … მე კარგად მახსოვს ნარკოტიკებით გამქრალი მთელი თაობა – ათასობით ოჯახის ტრაგედია და უზარმაზარი ტკივილი. არ მინდა, რომ ეს ოდესმე განმეორდეს“,-წერს პერტაია.
რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, შსს-ს მიერ ამოღებული ab-chminaca არის უძლიერესი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება. როგორც პერტაია განმარტავს, მისი თუნდაც ერთჯერადი გამოყენება, სხვა უმძიმეს შედეგებთან ერთად, იწვევს სუიციდისკენ მიდრეკილებას! რამდენჯერმე მომხმარება – იწვევს დამოკიდებულებას!
„1 წლის განმავლობაში სისტემატურად გამოყენება – ტვინის სიმსივნეს! ამოღებული რაოდენობა, რაც მავანთ მცირე დოზა ჰგონიათ, სინამდვილეში სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მინიმუმ 5 ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს!
P.S. და ბოლოს, ბუნებრივია, სოციალური ქსელის სამინისტროს ოფიციალური გვერდიდან ვშლით ყველა იმ მოწოდებას თუ “ფრთიან” ფრაზას, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ნარკოტიკების მოხმარების წახალისებას და მის მხარდაჭერას ემსახურება“,- წერს თეა პერტაია.
შეგახსენებთ, რომ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სამართალდამცველებმა 1993 წელს დაბადებული გიორგი ქ. ბაკურიანში, თამარ მეფის ქუჩაზე დააკავეს. მათ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 0,00779 გრ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება – ე.წ. ბიო ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები