რომის პაპმა და რუსეთის პატრიარქმა ერთობლივ დეკლარაციას ხელი მოაწერეს

რუსეთის პატრიარქმა კირილემ და რომის პაპმა ფრანცისკემ ჰავანაში გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ დეკლარაციას ხელი მოაწერეს.
„ეს ძალიან შინაარსიანი შეხვედრა იყო. ჩვენ ერთმანეთის პოზიციებს გავეცანით. შემიძლია გითხრათ, რომ ორივე ეკლესია მსოფლიოში ქრისტიანების ინტერესებისთვის ერთობლივად იმუშავებს“, – განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.
რომის პაპის განცხადებით, შეხვედრაზე მათ როგორც ძმებმა, ისე ისაუბრეს.
„ვეძებდით ერთობლივ გზებს, რადგანაც ერთობლივი რწმენა გვაქვს. ჩვენ ძალიან გულახდილი საუბარი გვქონდა და მე ამ შეხვედრაზე წმინდა სულის არსებობა ვიგრძენი“, – განაცხადა რომის პაპმა.
ფრანცისკემ და კირილემ ამ შეხვედრის ჩატარებასთან დაკავშირებით კუბის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადეს. რომის პაპის და რუსეთის პატრიარქის მოლაპარაკება, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის და რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრებს შორის პირველი ამ ტიპის შეხვედრაა ისტორიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები