აშშ-ში ორმა „რესპუბლიკელმა“ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა
აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ ორმა წევრმა, ნიუ-ჯერსის გუბერნატორმა კრის კრისტიმ და კომპანია Hewlett-Packard-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა კარლი ფიორინამ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
53 წლის კრისტიმ გასულ კვირას ნიუ-ჰემფშირის შტატში გამართულ პრაიმერიზში მეექვსე ადგილი, ხოლო კარლი ფიორინამ მეშვიდე ადგილი დაიკავა. კრისტიმ განაცხადა, რომ არჩვენებში მონაწილეობაზე უარის გადაწყვეტილება მან „ყოველგვარი ყოყმანის გარეშე“ მიიღო.
ნიუ-ჰემფშირში გამართულ პრაიმერიზში „რესპუბლიკელებს“ შორის დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. „დემოკრატებს“ შორის პირველ ადგილზე ბერნი სანდერსი გავიდა, რომელმაც აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს გაასწრო. მანამდე პრაიმერიზი აიოვას შტატში ჩატარდა. მაშინ „რესპუბლიკელებს“ შორის ტედ კრუზმა 27, 65%-ით გაიმარჯვა, ხოლო დონალდ ტრამპმა 24,31% მიიღო. სანდერსმა და კლინტონმა 49,86% და 49,57 % მიიღეს. აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წლის ნოემბერში გაიმართება.