ქურთმა მოხალისეებმა ალეპოსთან ავიაბაზა დაიკავეს
ქურთმა მოხალისეებმა ქალაქ ალეპოსთან სამხედრო ავიაბაზა დაიკავეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ლონდონის სირიის ადამიანის უფლებების მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ბაზა მენახის დიდი ნაწილი ქურთებმა აიღეს. ამ ინფორმაციის მიხედვით, ბოლო დრომდე ამ ობიექტს „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებდა. ამავე ცენტრის აქტივისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ, ალეპოს სიახლოვეს სირიის სამთავრობო ძალების მიერ დაწყებული შეტევის გამო, 50 ათასმა ადამიანმა საკუთარი სახლი დატოვა. ბოლო დროის განმავლობაში ამ რეგიონში 500 ადამიანი დაიღუპა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, სირიაში რუსული ავიაციის მოქმედებამ ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. თავის მხრივ, მოსკოვი ამ ბრალდებებს უარყოფს.