პესკოვი კასიანოვზე თავდასხმას კადიროვს არ უკავშირებს
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა მოუწოდა ყველას, არ დააკავშირონ პარტია „პარნასის“ ლიდერთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტი ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ კასიანოვს მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში ტორტი ესროლეს.
„არ არის საჭირო ამ ფაქტის დაკავშირება ჩეჩნეთის ან რუსეთის სხვა რომელიმე რეგიონის ხელისუფლებასთან, ეს უფრო ხულიგნური თავდასხმაა, რომელსაც მე, ბუნებრივია, კატეგორიულად ვგმობ“, – განაცხადა პესკოვმა.
კასიანოვთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტზე კომენტარი ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმაც გააკეთა. „ისევ მე?“ – დაწერა კადიროვმა ამ ამბის კომენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ კადიროვსა და კასიანოვს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც ჩეჩნეთის ლიდერმა ინსტაგრამში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ის, თითქოს, მიხეილ კასიანოვს სნაიპერის შაშხანით უმიზნებს. ამის შემდეგ კასიანოვმა რამზან კადიროვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა.