ჩრდილოეთ კორეაში გენერალური შტაბის უფროსი სიკვდილით დასაჯეს
ჩრდილოეთ კორეის გენერალური შტაბის უფროსი რი იონ გილი, კორუფციის ბრალდების გამო, სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ სამხრეთ კორეის სააგენტო „იონხაპი“ იუწყება.
სააგენტო ჩრდილოეთ კორეის მთავრობასთან დაახლოებული წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა.
გენერალი გილი საზოგადოებაში 2014 წლის სექტემბრიდან არ გამოჩენილა. მისი სიკვდილით დასჯის შესახებ ჭორები უკვე დიდი ხანია ვრცელდება. ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის შექმნილი დაძაბულობის გამო, სეულმა კესონის საწარმოო ზონის მუშაობა შეაჩერა. ეს ზონა ორი კორეის საზღვარზე მდებარეობს და ერთობლივად იმართება.
სამხრეთ კორეამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ფხენიანმა წყალბადის ბომბის გამოცდის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, ხოლო შემდეგ ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. სეულის განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთობლივი საწარმოების მუშაობა შეჩერდება, რათა ფხენიანმა მიღებული შემოსავალი ბირთვული იარაღის და ბალისტიკური რაკეტების შესაქმნელად არ გამოიყენოს.
კესონის კომპლექსი ფხენიანისთვის შემოსავლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყარო იყო. აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით კი, ჩრდილოეთ კორეამ პლუტონიუმის რეაქტორის მუშაობა განაახლა და რამდენიმე კვირაში მას პლუტონიუმის გარკვეული მარაგი ექნება. ასევე, შეერთებული შტატების ინფორმაციით, ფხენიანი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის შექმნას აპირებს.