კახა კალაძე – კახეთში აღმოჩენილი გაზის იმხელა მოცულობაზეა საუბარი, რომელიც თურქმენეთსაც არ გააჩნია
კომპანია “ფრონტერას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში გაზის იმხელა მოცულობებზე იყო საუბარი, რომელიც თურქმენეთსაც არ გააჩნია, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ კომპანია “ფრონტერას” იმ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც კახეთში აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგი 3,8 ტრილიონ კუბურ მეტრს აღწევს.
ენერგეტიკის მინისტრი გაზის მარაგის არსებობას არ გამორიცხავს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამის დასამტკიცებლად დიდი მოცულობის ფინანსური ინვესტიციის ჩადებაა საჭირო.
“იმხელა მოცულობებზე იყო საუბარი, რომელიც თურქმენეთსაც და სხვადასხვა ქვეყანას, ვინც ნავთობის და გაზის მოპოვებით არის დაკავებული, არ გააჩნია. შეიძლება მიწის ქვეშ რაღაც გარკვეული მარაგი იყოს, თუმცა ამის დასამტკიცებლად მილიარდობით ინვესტიციის განხორციელებაა საჭირო. დამტკიცების შემთხვევაში, მერე უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული, თუ რამდენად სწორი იქნება კომერციულად, ფინანსურად ბიზნესის თვალსაზრისით, ამ გაზის ამოღება”, – განაცხადა კახა კალაძემ.