არჩილ თალაკვაძე ნატოს ექსპერტებს დაგეგმილ რეფორმებზე ესაუბრა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და ნატოს საკონტაქტო საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებულ სემინარში – „წინსვლა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე” – მიიღო მონაწილეობა და სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სემინარში, რომელზეც საქართველოს 2016 წლის წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) პროექტი განიხილეს, ნატოს შტაბ-ბინიდან და წევრი ქვეყნებიდან ჩამოსული ექსპერტები, ასევე, საქართველოში აკრედიტირებული ნატოს წევრი ქვეყნების საელჩოებისა და წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაში ჩართული საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
წლიური ეროვნული პროგრამა არის საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას უწყობს ხელს. სემინარზე ნატოს ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით, 2016 წლის წლიურ ეროვნულ პროგრამას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისია დაამტკიცებს და შემდგომ, აღნიშნულ დოკუმენტს ქართული მხარე ალიანსს წარუდგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები