გიორგი კვირიკაშვილი: 2016 წლის ბოლოს გვექნება განახლებული რაიონი – ყველამ ერთად ეს ქვეყანა უნდა ავაგუგუნოთ

„ჩვენ – ყველამ ერთად ეს ქვეყანა უნდა ავაგუგუნოთ“, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღმაშენებლის გამზირზე, პროექტ „ახალი ტიფლისის“ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელსაც თბილისის მერიც ესწრებოდა.
როგორც სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა აღნიშნა, ახალი პროექტის განხორციელება საშუალებას იძლევა, ქვეყანა უფრო მეტად განვითარდეს როგორც ეკონომიკის, ასევე ტურიზმის თვალსაზრისით.
მისივე მტკიცებით, ახალი პროექტი თავისი მიდგომებით  გამორჩეული იქნება. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ პროექტში 200-ზე მეტი პროფესიონალია ჩართული.
კვირიკაშვილის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ პროექტის ფარგლებში იქმნება ახალი რეკრეაციული სივრცეები, ბაღები, პარკები, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია გადატვირთული მოსახლეობისთვის.
გარდა ამისა, პრემიერი ირწმუნება, რომ 2016 წლის ბოლოს ჩვენ გვექნება განახლებული რაიონი, ახალი საფეხმავლო სივრცეები, ახალი კაფე-ბარებითა და ულამაზესი სკვერებით.
„ჩვენი ვალია, რომ ჩვენი წინაპრების დანატოვარი უნიკალური ქალაქი განვაახლოთ, ახალი ენერგია შევძინოთ, განვავითაროთ ტურიზმი, ეკონომიკა იმისათვის, რომ ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებისათვის ქალაქი გახდეს იმედის მომცემი, საინტერესო, ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას, ტურისტებისათვის  ეს ქალაქი მიმზიდველი და საინტერესო იყოს.
ახალი ენერგია ჩავბეროთ ჩვენს ძველ უბნებს. თბილისი არის, მართლაც, განსაკუთრებული ქალაქი, განსაკუთრებული ადგილმდებარეობით, არქიტექტურით, ადამიანებით.
ახალი პროექტი, რომელსაც ჩვენ ვიწყებთ, იქნება ახალი მიდგომებით გამორჩეული. 200-ზე მეტი პროფესიონალი არის ჩართული ამ პროექტში ამ ეტაპზე და კიდევ უფრო მეტი ჩაერთვება, – არქიტექტორები, ისტორიკოსები, რესტავრატორები, ურბანისტები, ხელოვნებათმცოდნეები. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას ვუთხრა დიდი მადლობა ამ პროექტში ჩართულობისათვის.
ჩვენ ისე უნდა განვავითაროთ ჩვენი ქალაქი, რომ შევინარჩუნოთ ის ისტორიული მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ გვაქვს და შევძინოთ ახალი ენერგია ეკონომიკური განვითარებისათვის.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტში იქმნება ახალი რეკრეაციული სივრცეები, ბაღები, პარკები, რომლებიც ესოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი დატვირთული ცხოვრებისათვის.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ არა მხოლოდ ფასადებს აღვადგენთ, ჩვენ ეზოებში შევდივართ და მთლიანად აღვადგენთ საინჟინრო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის უძრავი ქონების ფასებს თბილისში.
თბილისი ყოველთვის გამოირჩეოდა, რომ იგი იყო სხვადასხვა ეროვნების, სხვადასხვა კულტურის ხალხთა ერთად ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი და უნდა შევინარჩუნოთ და განვავითაროთ მომავალში.
მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ პროექტი დამთავრდეს იმ ვადებში, რაზეც დღეს არის საუბარი. ეს არის 2016 წლის ბოლო. 2016 წლის ბოლოს ჩვენ გვექნება განახლებული რაიონი, ახალი საფეხმავლო სივრცეები, ახალი კაფე-ბარებით და ულამაზესი სკვერებით.
ქალაქს შეემატება ახალი ტურისტული მარშრუტები და ყველა შენობაზე, რომლის აღდგენაც მოხდება, გამოკრული იქნება, თუ რამდენ ხანში დასრულდება თითოეული შენობა.
მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, თბილისს ვუსურვო განვითარება, დინამიზმი, იმისათვის, რომ ცხოვრება გახდეს უფრო საინტერესო. ჩვენ ყველამ ერთად ეს ქვეყანა უნდა ავაგუგუნოთ“, – დასძინა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები