ბიძინა კუჭავას ავტოფარეხში ძვალი იპოვეს
ბიძინა კუჭავას ავტოფარეხში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ძვალი იპოვეს, – ამის შესახებ კუჭავას მეუღლემ, მარიამ ნიკოლოზაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ძვალი ბეტონის საფარის დამტვრევის შედეგად აღმოაჩინეს და გამოსაკვლევად წაიღეს.
“რაღაცა ძვალი იპოვეს მიწაში, ის ამოიღეს იმიტომ, რომ სხვა ვერაფერი ნახეს, ძვალი დაილუქა და წაიღეს. ძალიან სასაცილოა. ბეტონსაფარი რომ დაინგრა, მიწის ამოთხრა რომ დაიწყეს, მიწაში იპოვეს, ქვები, ნაგავი იყო. რაღაცა რკინაც ეგდო და ასე გადაარჩიეს… ძვალი იყო. ის დაილუქა და წაიღეს”, – განაცხადა კუჭავას მეუღლემ.
კუჭავას ავტოფარეხში დამატებითი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ავტოფარეხში სპეციალურმა მოწყობილობა გეორადარმა ანომალიური ნივთის არსებობა ბეტონის საფარის ქვეშ დააფიქსირა.