პრეზიდენტი გოგი თოფაძეს პასუხობს – “გუშინ დაიწყო კამპანია, სახელწოდებით პრეზიდენტს სძულს თავისი სამშობლო”
კამპანია, რომელიც გუშინ დაიწყო სახელწოდებით – საქართველოს პრეზიდენტს სძულს თავისი სამშობლო, არ არის პირველი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „მაესტროს ფაქტორში“ საუბრისას განაცხადა.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა გარკვეული დეპუტატების შეფასებები მის გამოსვლასთან დაკავშირებით, შესაძლოა, საარჩევნო წელსაც დაბრალდეს, რადგან პოლიტიკოსები ტემპერატურის აწევას ცდილობენ.
“კამპანია, რომელიც გუშინ დაიწყო, ახალი სახელწოდებით, რომ საქართველოს პრეზიდენტს სძულს თავისი სამშობლო, არ არის პირველი კამპანია ჩემს წინააღმდეგ. როდესაც მე გამოვაცხადე 2016 წელი ქალთა წლად, დაიწყო კამპანია, რომ საქართველოს პრეზიდენტს უნდა ქალები ციხეში ისხდნენ. როდესაც ვსაუბრობდი სხვადასხვა საკითხზე, დაიყო კამპანია, რომ საქართველოს პრეზიდენტს ფუფუნება უყვარს. მე მახსოვს კამპანია, სახელწოდებით საქართველოს პრეზიდენტი შეკრულია “ნაციონალებთან”. მიჭირს ამ კამპანიების ტალღების კომენტირება ან მათი მიზეზის განსაზღვრა. სიმართლე გითხრათ, არც ვუღრმავდები ხოლმე ამ საკითხებს. სამწუხაროა ის, რომ ეს პოლიტიკის ნაწილი არ არის, ეს რაღაც პიარის ნაწილია, რომელიც არ უკავშირდება პოლიტიკას. გუშინ პარლამენტში გამოსვლისას ალბათ საკრიტიკებელი იყო ჩემი წინადადებები, მაგრამ კრიტიკა არ ისმოდა. ძირითადი თემები, რაზეც მე ვისაუბრე, იქნა მიღებული და გაზიარებული. ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, რადგან თუ დავუკვირდებით ჩემს გამოსვლებს პარლამენტში, ჩემი გზავნილები პირველი გამოსვლიდან დღემდე უცვლელია”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.