“ხიდის”-ს დამფუძნებელი არ უარყოფს თანხების არამიზნობრივ ხარჯვას, თუმცა სხვა მიზეზებს ასახელებს”
კომპანია “ხიდი”-ს დამფუძნებლის, თეიმურაზ წივწივაძის ადვოკატი მამუკა მდინარაძე განცხადებას ავრცელებს. როგორც ადვოკატის განცხადებაშია აღნიშნული, ზაჰესის ხიდის მშენებლობის დროს დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე დაკავებული კომპანია “ხიდი”-ს დამფუძნებელი თეიმურაზ წივწივაძე ბრალდებას არ უარყოფს, თუმცა, თანხების მითვისების სხვა მიზეზს ასახელებს.
“გამოძიებამ გუშინ, 3 თებერვალს, ზაჰესის ხიდის მშენებლობის დროს დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე კომპანია “ხიდი“-ს დამფუძნებელი თეიმურაზ წივწივაძე დააკავა.
ბატონი თეიმურაზი არ უარყოფს თანხების არამიზნობრივად ხარჯვის ფაქტს ზაჰესის ხიდთან მიმართებაში, თუმცა ამისი გამომწვევი მიზეზები არა მითვისების განზრახვაში, არამედ სახელმწიფოსა და მისი კონკრეტული თანამდებობის პირების მხრიდან იძულებით, თ. წივწივაძის პირადი ხარჯებით ნაწარმოებ მშენებლობებში და სხვა მსგავს ქმედებებში უნდა ვეძებოთ. სწორედ ამის გამო უწევდა კომპანია “ხიდ“-ს ახალი ობიექტების თანხებით ძველი ობიექტების დავალიანებების დაფარვა. შესაბამისად, ეს არის საქმე, რომელსაც სჭირდება ძალიან კვალიფიციური, სიღრმისეული გამოძიება, რა შემთხვევაშიც გამოძიებისა და შემდეგ საზოგადოებისათვის ნათელი გახდება, რომ საქმე არ გვაქვს ლოკალურ პრობლემასთან და დანაშაულის ფესვები მხოლოდ ერთ პირთან ან კომპანიაში არ უნდა ვეძებოთ. სიმართლის დადგენა, ამ საქმეზე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელია!
საგამოძიებო სამსახურები და პროკურატურა ვალდებულნი არიან, ჩაატარონ სწორედ ასეთი გამოძიება, ხოლო ჩვენ, ბრალდებული და მისი ადვოკატები, გამოვთქვამთ მზადყოფნას, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მათ ჭეშმარიტების დადგენაში”, – აღნიშნულია ადვოკატის განცხადებაში.