დავით სერგეენკო: დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები ისეთივე სრულფასოვანები არიან, როგორც მე ან გოგი თოფაძე
“დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები საზოგადოების ისეთივე სრულფასოვანი წევრები არიან, როგორც მე ან თუნდაც ამ განცხადების ავტორი”, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გოგი თოფაძის გუშინდელ განცხადებას.
როგორც დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გოგი თოფაძის განცხადებასთან დაკავშირებით, მისი შეფასება ძალიან ხისტია.
“ჩემი შეფასება ამ შემთხვევაში ალბათ ძალიან ხისტი იქნება, ეს არის პოზიციის კატეგორიულად მიუღებელი გამოხატვა. რითიც არ უნდა იყოს რა მოსაზრებებით გამოხატვის აუცილებლობა, ასეთი დეფინიცია და შედარებები როგორც ჩემთვის პირადად, ასევე საზოგადოებისთვის მიუღებელია. ცალსახად ვადასტურებ, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები საზოგადოების ისეთივე სრულფასოვანი წევრები არიან, როგორც მე ან თუნდაც ამ განცხადების ავტორი. ასე რომ, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი დეფინიცია და გამოთქმა”,- განაცხადა დავით სერგეენკომ.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას მარგველაშვილს ქართველ ხალხზე მისი გამონათქვამები შეახსენა და აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილმა ქართველი ხალხი დაუნებს შეადარა. პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე დაუნის სინდრომის მქონე მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ.