სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარების პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს მთავარ პროკურატურაში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარების პრეზენტაცია გაიმართა.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გახსნა.
პრეზენტაციას მთავარი პროკურორის მოადგილეები, პროკურატურის მენეჯერები, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ბიუროსა (INL) და ამერიკის იურისტთა ასოციაციის (ABA) წარმომადგენლები, აგრეთვე სახელმძღვანელოს ავტორები ესწრებოდნენ.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარები ამ სფეროში პირველი სახელმძღვანელოა, რომლის შექმნაში, სამეცნიერო წრეებთან ერთად, პრაქტიკოსი პროკურორები, ადვოკატები და მოსამართლეები მონაწილეობდნენ.
წიგნზე მუშაობა INL-ისა და ABA-ის ხელმძღვანელობით 2015 წელს განხორციელდა. გამოცემა არსებულ საგამოძიებო და სასამართლო პრაქტიკას ასახავს. პრეზენტაციის დასასრულს INL-ის ფინანსური მხარდაჭერით სახელმძღვანელოები პროკურორებს გადაეცათ.
საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს და ამერიკის იურისტთა ასოციაციას გაწეული დახმარებისთვის და მზადყოფნას გამოთქვამს შემდგომი თანამშრომლობისთვის.