„სახელმწიფო დაირეგისტრირებს იმ ფართობებს, რომლითაც კონკრეტული პირები სარგებლობენ, მაგრამ არავის სახელზე არაა რეგისტრირებული“
ბიზნესლობისტმა ირაკლი ქველაძემ და იურისტმა ირაკლი ნარმანიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიცირებული ის კანონპროექტი განმარტეს, რომელიც ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრების რეგისტრაციას ეხება.
როგორც ირაკლი ქველაძემ განმარტა, დამტკიცების შემდეგ ეს იქნება კანონი, რომელიც
მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრობლემებს სრულად მოაგვარებს. ინიციატივის თანახმად, შეიქმნება საინფორმაციო ბანკი, რომელიც იმ მიწების საკითხს განკარგავს, რომელიც მოსახლეობას ან იურიდიულ პირებს სარგებლობაში აქვთ, თუმცა არავის სახელზე დარეგისტრირებული არ არის.
„ეკონომიკის სამინისტრომ მიწის რეგისტარაციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი კანონპროექტი წარმოადგინა, ინიციატივის თანახმად, შეიქმნება საინფორმაციო ბანკი, რომელიც ამ საკითხს განკარგავს. ადამიანები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ უსასყიდლოდ უნდა გადასცეს იმ ადამიანებს მიწები, რომლითაც სარგებლობენ. აქ არ იგულისხმება საკარმიდამო ნაკვეთები, აქ იგულისხმება მოსახლეობის დამატებით სარგებლობაში მყოფი ნაკვეთები, რომლებზეც მათ არანაირი სამართლებრივი უფლება არ გააჩნიათ.
მნიშვნელოვანი იქნებოდა, ეკონომიკის სამინისტროს გამოეყო ადამიანი, რომელიც ორგანიზებას გაუკეთებდა და პრევენციული ხასიათის საინფორმაციო შეხვედრებს გამართავდა ადამიანებთან, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს საკითხი.
კანონპროექტი პარლამენტში უკვე შესულია. ამ კანონპროექტის ოპონენტები ამბობენ, რომ სახელმწიფო მოსარგებლეებს მიწებს ართმევს. აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ, მაგრამ მათი საკუთრების უფლება არ ვრცელდება კონკრეტულ ფართობზე. სახელმწიფოს შეუძლია, დაირეგისტრიროს და გაასხვისოს კონკრეტული ფართობი“,- განაცხადა ირაკლი ქველაძემ.
იურისტ ირაკლი ნარმანიას განმარტებით, ის, რაც კანონპროექტშია ასახული, ბოლო ათი წელია, ისედაც ხორციელდება და სახელმწიფო ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე ირეგისტრირებს იმ არასაცხოვრებელი მიწის ფართობებს, რომლებიც არავის სახელზე არ არის რეგისტრირებული.
„ზოგიერთი პირები ხედავენ რისკს, სახელმწიფო ხომ არ დაირეგისტრირებს ფიზიკური ან იურიდიული პირების სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებს. ამას სახელმწიფო ამ კანონპროექტის გარეშეც ახორციელებს. ამისთვის საჭიროა, უბრალოდ ეკონომიკის სამინისტრომ წერილობით მიმართოს იუსტიციის სამინისტროს და წარადგინოს ნახაზი, ამ პროცედურების შემდეგ ბოლო 10 წელია საჯარო რეესტრი სახელმწიფო საკუთრებად არეგისტრირებს ასეთი მიწის ნაკვეთებს. ეს კანონპროექტი ამ კუთხით რაიმე პრივილეგიას სახელმწიფოს არ უქმნის. რეესტრი არეგისტრირებს სახელმწიფოზე მარტო იმ მიწის ნაკვეთებს, რომლებიც თავისუფალია და არც ტექნიკური აღრიცხვის არქივის ჩანაწერებში და არც საჯარო რეესტრში ამ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ არავინ ფიქსირდება. ეს არ ეხება საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს. ეს ეხება მიწებს, რომლებიც პირების სარგებლობაშია, მაგრამ თუ ვინმეს აქვს დოკუმენტი და ეს ჩანაწერი ფიქსირდება, მას სახელმწიფო არ ეხება“, – განაცხადა ირაკლი ნარმანიამ.
ირაკლი ნარმანიას განცხადებით, 2012 წლის 1 იანვრიდან შეიქმნა სამართლებრივი გაურკვევლობა. 2007 წლის საკუთრების აღიარების შესახებ მიწის კანონში ჩაიწერა, რომ იურიდიული პირები, რომელთაც სარგებლობაში ჰქონდათ მიწის ნაკვეთი, თუ 2012 წლის 1 იანვრამდე არ მოახდენდნენ რეგისტრაციას, მისით სარგებლობის უფლებას კარგავდნენ. იმ პერიოდისათვის ყველა იმ პირმა ვერ მოახერხა მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია, ამიტომ, მისი თქმით, მნიშვნელოვანი იქნება ამ კანონპროექტში იყოს გათვალისწინებული, რომ ვინც იმ პერიოდისათვის ვერ მოასწრო მათ სარგებლობაში არსებული საკუთრების რეგისტრაცია, მათ მიეცეთ უფლება, რომ დამატებით პერიოდში მოახდინონ რეგისტრაცია.