გიგლა აგულაშვილი: საგარეჯოში გაზის მარაგის არსებობის საკითხი სპეციალისტებმა უნდა შეისწავლონ

თუ დადასტურდება „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ განცხადება საგარეჯოში გაზის აღმოჩენის შესახებ, მთავრობა ადეკვატურ ზომებს გაატარებს იმისათვის, რომ რესურსი გამოყენებულ იქნას ქვეყნის სასიკეთოდ, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა განაცხადა.
აგულაშვილის თქმით, ინფორმაციის დასადასტურებლად საკითხი სპეციალისტებმა უნდა შეისწავლონ.
„ეს არ არის პირველი განცხადება “ფრონტერას” მხრიდან ასეთი დიდი მარაგების გაზის აღმოჩენის თაობაზე. დღეს უფრო მეტი ინტენსივობით საუბრობენ ამის შესახებ. თუ ვინმე იქნება ბედნიერი და კმაყოფილი ასეთი ინფორმაციის დადასტურებით, მათ შორის, რა თქმა უნდა, ვიქნები მეც, როგორც საქართველოს ყველა მოქალაქე, მით უმეტეს, ეს ჩემი რაიონია, საიდანაც ვარ წარმოშობით.
იმისათვის, რომ ეს ინფორმაცია უფრო მეტად დამაჯერებელი გახდეს, საჭიროა, საკითხი უფრო ღრმად იქნას შესწავლილი სპეციალისტების მხრიდან, წარმოდგენილი იქნას მეტი მტკიცებულება. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა გაატარებს ადეკვატურ ზომებს იმისათვის, რომ აღნიშნული რესურსი, თუ ის არსებობს, მოპოვებულ და გამოყენებულ იქნას ქვეყნის სასიკეთოდ”, – განაცხადა აგულაშვილმა.
ცნობისთვის, კომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიამ“ გასულ კვირას საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში გაზის გეოლოგიური მარაგის აღმოჩენის შესახებ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები