გია გაჩეჩილაძე “მაესტროს” დირექტორობას საკუთარ ძმას, ლევან გაჩეჩილაძეს სთავაზობს
“მაესტროს” დირექტორის თანამდებობაზე ტელეკომპანიის 55%-იანი წილის მფლობელი გია გაჩეჩილაძე საკუთარ ძმას – ლევან გაჩეჩილაძეს ასახელებს. ბაია გადაბაძის გადადგომის მოტივად პარტნიორთა კრების დაწყებამდე გია გაჩეჩილაძემ ტელეკომპანიის რეიტინგის დაცემა დაასახელა.
“უკვე სამი წელია ბაია გადაბაძე მართავს ტელევიზიას. ამ ხნის განმავლობაში რეიტინგი 4%-მდე დავიდა. ასევე სასამართლოში შესულია “მაესტროს” გაკოტრებაზე საქმე. სანამ არ დაინგრევა “მაესტრო”, მანამდე არ უნდა შეიცვალოს ვითარება?” – განაცხადა გაჩეაჩილაძემ.
მან ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ ის მისი ბავშვობის მეგობარია და ხშირად ხვდება. რაც შეეხება ტელეკომპანიის მომავალს, გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ სარედაქციო პოლიტიკაში ვერავინ ჩაერევა. მისი თქმით, ტელეკომპანიაში როგორც ძველი, ისევე ახალი თანამშრომლები იმუშავებენ. ამასთან, გია გაჩეჩილაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ტელეკომპანიის 25%-იანი წილის შესაძენად თანხა მაკა ასათიანისგან ისესხა.