თეა წულუკიანი: დაუნის სინდრომის მქონე ყველა ადამიანს მე ვუხდი ბოდიშს
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დეპუტატ გოგი თოფაძის მიერ „დაუნის“ სალანძღავ სიტყვად გამოყენებისთვის ბოდიშს იხდის.
„დაუნის სინდრომის მქონე ყველა ადამიანს, ბავშვს და მათ მშობლებს მე ვუხდი ბოდიშს“,-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო ტრიბუნიდან ქართველი ხალხის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. აღნიშნული ბრალდება დეპუტატმა პრეზიდენტს იმ დროს წაუყენა, როდესაც იგი დეპუტატებს ტრიბუნიდან უსმენდა.
„ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ. ძალიან სამწუხაროა, თუ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოსახლეობას, მაშინ არც პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ. თქვენ ხართ პირველი კაცი საქართველოში, თქვენი ყველა სიტყვა და ბგერა ანალიზდება“, – განაცხადა დეპუტატმა პრეზიდენტის მისამართით.
თოფაძის ბრალდებას პრეზიდენტმა გაკვირვებული ჟესტით უპასუხა.