„მზის შვილები“ გოგი თოფაძისთვის მანდატის შეჩერებას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაცია „მზის შვილების“ წარმომადგენლები, დეპუტატ გოგი თოფაძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.
ორგანიზაცია, რომელიც დაუნის სინდრომით დაბადებული ბავშვებისა და მოზარდების პრობლემებზე მუშაობს, თოფაძეს, დაუნის სინდრომით დაბადებული ბავშვებისა და მათი ოჯახების შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა – ინგა ლოლაძემ და ნინო ომანაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადეს, ხელმოწერები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს გაეგზავნება.
„თოფაძემ არაკორექტული განცხადებით არა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს, არამედ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს და მათ ოჯახებს დიდი შეურაცხყოფა მიაყენა. გავეცანით მარგველაშვილის მიერ წლების წინ გამოქვეყნებულ წერილს. არსად ბატონ პრეზიდენტს ნახსენები არ აქვს დაუნის სინდრომი და ასემც რომ ყოფილიყო, წლების წინ ნათქვამი რატომ გამოიყენა მაინცდამაინც გუშინ? ამის თქმის შემდეგ თოფაძემ პრეზიდენტობის კანდიდატად მარგველაშვილი წარადგინა. თუ ის ასეთი მიუღებელი იყო, რატომ გახადეს ის საქართველოს პრეზიდენტად. ჩვენი შვილები არ არიან საზოგადოების წევრები? მან თქვა: „შენ არ შეგიძლია იყო საქართველოს პრეზიდენტი, იმიტომ რომ ქართველი ერი გამოიყვანე დაუნად“. ამ შემთხვევაში მან არა მხოლოდ პრეზიდენტს, არამედ, როგორც მშობელსაც, მიმართა.
თოფაძემ მიზანმიმართულად შეურაცხყო პრეზიდენტიც და შეურაცხყოფა მოგვაყენა ჩვენც. ის არის კანონმდებელი, მან უნდა დაიცვას ჩვენი შვილების უფლებები, მან უნდა დაწეროს კანონები, რომელიც შემდეგ ჩემს შვილს დაიცავს…
ჩვენ დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას, რომ გოგი თოფაძეს მანდატი შეუჩერდეს. ადამიანი, რომელსაც შეუძლია დაუფიქრებლად, ყოველგვარი გაანალიზების გარეშე ასეთი განცხადებები გააკეთოს, არ იმსახურებს პარლამენტის წევრობას. ჩვენ ოფიციალურად მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ თოფაძეს, როგორც პარლამენტის წევრს, მანდატი შეუჩერდეს“,- განაცხადა ინგა ლოლაძემ.
უფლებადამცველის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ თოფაძე პარლამენტის წევრის მანდატს არ დატოვებს, ორგანიზაციის ინიციატივით, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო აქციები დაიწყება.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები არ არიან ის ადამიანები, რომელთაც შეიძლება ხელი წამოარტყა და, როგორც გინდა, ისე მოიხსენიო“,- აღნიშნავს ინგა ლოლაძე.
ხელმოწერების შეგროვებამდე, დღესვე, 14:00 საათზე პარლამენტის წინ აქციაა დაგეგმილი. როგორც „მზის შვილების“ წარმომადგენლებმა განმარტეს, აქციაზე არა მხოლოდ დაუნის სინდრომის მქონე მოზარდები და მათი მშობლები, არამედ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მხარდამჭერები და მათი ოჯახის წევრები მივლენ.
შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო ტრიბუნიდან ქართველი ხალხის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. აღნიშნული ბრალდება დეპუტატმა პრეზიდენტს იმ დროს წაუყენა, როდესაც იგი დეპუტატებს ტრიბუნიდან უსმენდა.
„ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ. ძალიან სამწუხაროა, თუ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოსახლეობას, მაშინ არც პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ. თქვენ ხართ პირველი კაცი საქართველოში, თქვენი ყველა სიტყვა და ბგერა ანალიზდება“, – განაცხადა დეპუტატმა პრეზიდენტის მისამართით.
თოფაძის ბრალდებას პრეზიდენტმა გაკვირვებული ჟესტით უპასუხა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები