თამარ ხულორდავამ ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის დახურვის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ხულორდავამ ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის – ,,ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
,,რადისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ შეხვედრას, თამარ ხულორდავასთან ერთად, ევროპის საბჭოს, ევროკავშირის წარმომადგენლობის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების, პროკურატურის წარმომადგენლები და სახალხო დამცველი დაესწრო.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე პროგრამის შედეგები შეაფასეს, რომელიც 2013 წლიდან მუშაობს ციხეებში, პოლიციის იზოლატორებსა და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებულ ისეთ გამოწვევებზე, როგორიცაა სასჯელაღსრულების სისტემაში და დროებითი მოთავსების იზოლატორებში მყოფ პირთა ადამიანის უფლებების დაცვა, მათთვის სათანადო სამედიცინო სერვისების მიწოდება, ფსიქიკური ჯანდაცვის საჭიროებების მქონე პირთა უფლებების დაცვა, არასათანადო მოპყრობისა და დასჯის აღმოფხვრა. საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ პროექტში ჩართულ ყველა მხარეს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
,,პროექტის დამსახურებაა, რომ დახურული ტიპის დაწესებულებებში განთავსებულ პირებს უფრო ჯანსაღ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა აქვთ. სახელმწიფო დაწესებულებები აღიჭურვნენ ცოდნითა და სათანადო ინსტრუმენტებით, რაც მათ არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლაში დაეხმარება. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი წარმატებულად შეფასდა თვითონ საქართველოს ხელისუფლებისა და იმ უწყებების მხრიდან, რომლებიც უშუალოდ იყვნენ პროექტში ჩართული“, – განაცხადა კრისტიან ურსემ.
ევროკავშირის ელჩის მოადგილის კარლო ნატალეს თქმით, პროექტის საშუალებით გაღრმავდა ის მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც საქართველო-ევროკავშირს შორის არსებობს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ პროექტის მნიშვნელობასა და მის ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.
თამარ ხულორდავამ სასჯელაღსრულების სისტემაში ბოლო დროს გატარებულ რეფორმებსა და მიღწევებზეც გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დაცვისა და მსჯავრდებულების/ბრალდებულების სათანადო მომსახურებით უზუნველყოფის მნიშვნელობას.
,,პროექტის საშუალებით სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობდით, კერძოდ, შიდა მონიტორინგის სისტემის, ასევე მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხების გაუმჯობესებაზე და ამ კუთხით ხელშესახები შედეგები გვაქვს. სასჯელაღსრულების სისტემაში მნიშვნელოვნადაა შემცირებული მსჯავრდებულთა გარდაცვალების რიცხვი, რაც ერთ-ერთი შედეგია იმ მასშტაბური რეფორმისა, რომელიც სამინისტროში განხორციელდა, მათ შორის, პროექტის ხელშეწყობით“, – განაცხადა თამარ ხულორდავმ და აღნიშნა, რომ სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას მსჯავრდებულების/ბრალდებულების უფლებების დაცვაზე.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ პროექტის განხორციელებაში ჩართულ ყველა უწყებას მადლობა გადაუხადა და მომავალი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
ღონისძიების დასასრულს პროექტის შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენება მოეწყო.
ცნობისთვის, პროექტი „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ 2013-2015 წლებში განხორციელდა. მისი მიზანია საქართველოში სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და პენიტენციური სისტემის გაუმჯობესება ადამიანის უფლებებისა და ევროპული სტანდარტების შესაბამისად.