მაკა ასათიანი “მაესტროსთან” დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს
მიმაჩნია, რომ ასე განვითარებული მოვლენები შესაძლოა, ემსახურებოდეს „მაესტროს“ იმიჯის შელახვის უგნურ მცდელობას, რაშიც არ ვაპირებ არანაირი ფორმით მონაწილეობის მიღებას, – ასე ეხმაურება ტელეკომპანია “მაესტროს” ერთ – ერთი მფლობელი მაკა ასათიანი ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე მოვლენებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ასათიანი ტელეკომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, არ ჩაერთვება პოლემიკაში და არ აპირებს არც თავის მართლებას და არც ვინმეზე შეტევას.
ასევე განცხადებაში აღნიშნულია, რომ მაკა ასათიანი საჯარო კომენტარებს სასამართლოს შეფასებების შემდეგ გააკეთებს.
“მიუხედავად უდიდესი გულისტკივილისა, დაუმსახურებელი შეფასებებისა, ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ, არ მსურს, რაიმე ფორმით ვისაუბრო უგნურ ბრალდებებზე და ტყუილებზე, რომელიც მე უზარმაზარ შეურაცხყოფას მაყენებს. არ მინდა გადავღალოთ საზოგადოება, ვითომდა, პარტნიორთა შორის არსებული დაპირისპირებით. მიმაჩნია, რომ ასე განვითარებული მოვლენები შესაძლოა, ემსახურებოდეს „მაესტროს“ იმიჯის შელახვის უგნურ მცდელობას, რაშიც არ ვაპირებ არანაირი ფორმით მონაწილეობის მიღებას.
მოგეხსენებათ, რომ აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით სასამართლოში უკვე მიმდინარეობს განხილვები. შესაბამისად, სასამართლოს დასკვნები უკეთ მოჰფენს ნათელს ჩემს დადებით თუ უარყოფით როლს ტელეკომპანიის განვითარებაში. რა ფორმითაც არ უნდა გაგრძელდეს ბრალდებები და შეურაცხყოფა ჩემ მიმართ, ისევ და ისევ, ტელეკომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, არ ჩავერთვები პოლემიკაში, არ ვაპირებ არც თავის მართლებას და არც ვინმეზე შეტევას. შესაბამის საჯარო კომენტარებს მხოლოდ სასამართლოს შეფასებების შემდეგ გავაკეთებ”,- აღნიშნულია განცხადებაში.