მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა ერთი წლის განმავლობაში შესრულებული ანგარიში წარადგინა
თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა ერთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარადგინა და მიმდინარე წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ პრეზენტაცია გამართა.
დედაქალაქის მერიაში გამართულ პრეზენტაციას, რომელსაც თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერის მოადგილე გიორგი ლილუაშვილი, მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი უძღვებოდა.
დავით ნარმანიას განცხადებით, გასულ წელს კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა აქტიურად იმუშავა, თუმცა, მისივე თქმით, ეს საკმარისი არ არის და ურბანული ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად დედაქალაქში კიდევ ძალიან ბევრი სამუშაოა შესასრულებელი.
თბილისის მერმა კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს 2016 წელს დაგეგმილი სამუშაოების ეფექტურად და ოპერატიულად განხორციელებასთან დაკავშირებით დავალებები მისცა.
„2015 წელი ძალიან დატვირთული იყო მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციიის მიმართულებით, განხორციელდა მასშტაბური ინფრასტრუქტურული, მათ შორის, საგზაო პროექტები, ამასთან, სამსახური აქტიურად იყო ჩართული 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებში, რეაბილიტაციასა და დაზიანებული გზის აღდგენასთან დაკავშირებული ყველა კაპიტალური პროექტი კეთილმოწყობის სამსახურის მიერ განხორციელდა.
რაც შეეხება 2016 წელს, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის დაფინანსება გაზრდილია როგორც საინჟინრო, ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებით, რამაც ხელი უნდა შეუწყოს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.
შესაბამისად, 2016 წელს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა დაგეგმილი პროექტი დროულად დავიწყოთ და განვახორციელოთ. აქვე, სამსახურს გავუმეორებ სამ დავალებას იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც მუდმივად არსებობს, პირველი ესაა – პროექტების დადგენილ ვადებში განხორციელება, რაზეც მუდმივი მონიტორინგი ხორციელდება, მეორე – პროექტების ხარისხიანად შესრულება, ნებისმიერ კონტრაქტორს უნდა მოვთხოვოთ სამუშაოების ხარისხიანი და დროული შესრულება, მესამე დავალება კი ეს არის პარალელურ რეჟიმში ახალ პროექტებზე მუშაობა“, – განაცხადა თბილისის მერმა.
2015 წლის ანგარიშში წარმოდგენილი იყო სამსახურის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები, ასევე, ინფორმაცია გასულ წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.
2015 წელს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ბიუჯეტმა 231 785 696, 00 ლარი შეადგინა. გასული წლის განმავლობაში შეკეთდა 1 089 419,49 მ2 ფართის გზის საფარი, აქედან 802 365,48 მ2 კაპიტალურად, სულ 91 მისამართზე, ხოლო 127 538,74 მ2 ორმოული შეკეთების ფარგლებში.
ამასთან, თბილისის ავარიული საცხოვრებელი კორპუსების გამაგრება–გაძლიერების სამუშაოები დასრულებულია 44 ობიექტზე.
გასულ წელს განხორციელდა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა: 13 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები და სტიქიის შედეგად დაზიანებული გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი გზის (ჭ. ამირეჯიბის ქუჩა) სრული აღდგენა-მშენებლობა, ავარიული ხიდების რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობა – მეტეხის საგვირაბო კომპლექსის გაყოლებაზე არსებული ავარიული ხიდების რეაბილიტაცია, მარშალ გელოვანის გამზირზე არსებული ხიდის დემონტაჟი და ახლის აშენება, დაიწყო ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაცია, აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელი გზაგამტარის რეაბილიტაცია.
თემქიდან თბილისის ზღვაზე ასასვლელი გზა გაფართოვდა და ოთხზოლიანი საავტომობილო კვანძი მოეწყო, ასევე, კაპიტალურად შეკეთდა თბილისის ზღვის შემოვლითი გზა, საგზაო სამუშაოები განხორციელდა დადიანის, ჯავახიშვილის (ელბაქიძის აღმართი), თამარაშვილის ქუჩებზე, ასფალტის ახალი საფარი დაიგო ჭავჭავაძის გამზირზე და წყნეთის გზატკეცილზე. კეთილმოწყობის სამსახურის მიერ, ლილოს დასახლებაში აშენდა მიუსაფართა თავშესაფარი. დაიწყო ვეტერანთა პარკში მედიათეკის მშენებლობა. განხორციელდა ვაკის პარკის ცენტრალური შესასვლელის რეაბილიტაცია. დედაქალაქის მასშტაბით დაიწყო გარე-განათების ახალი ქსელის მოწყობა.
მიმდინარე პერიოდში მოეწყო 1 015 ახალი განათების ბოძი და შეიცვალა 2 761,00 სანათი. სრულად შეიცვალა განათება თბილისის სატელევიზიო ანძაზე და ახალი, 194 ცალი ფლეშ-სანათი დამონტაჟდა. აღსანიშნავია, რომ ყოველთვიურად ხორციელდება 11 646 457,00 მ2 – ქუჩების და მოედნების დაგვა -დასუფთავების სამუშაოები. 4 870 600 მ2 შიდა კვარტალური ქუჩებისა და ეზოების დასუფთავების სამუშაოები და 2 001200 მ2 ხევებისა და ფერდობების ყოველთვიური დასუფთავება.