პრემიერი ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით გამოვა

  პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია ჰააგაში ბირთვული უსაფრთხოების სამიტს დაესწრება. როგორც “კვირას“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, ბირთვული უსაფრთხოების მესამე სამიტზე, რომელიც ჰააგაში 23-25 მარტს გაიმართება, მიწვეული არიან 53 სახელმწიფოს პირველი პირები და მთავრობის მეთაურები, ასევე ოთხი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
ბირთვული უსაფრთხოების სამიტს 5 ათასზე მეტი დელეგატი ჰყავს, მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, ასევე ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით გამოვა და დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებს. სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან, ევროპის პარლამენტის წევრებთან, ლიბერალ ინტერნატიონალ-ის პრეზიდენტ ჰანს ვან ბაალენთან, ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტ მიშელ ტემერთან, ესპანეთის პრემიერ-მინისტრ მარიანო რასოისთან, შვეიცარიის პრეზიდენტ დიდიერ ბულხალტერთან, დანიის პრემიერ-მინისტრ ჰელე ტორნინგ-შმიდტთან, კანადის პრემიერ-მინისტრ შტეფან ჰარპერთან, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ ერნა სოლბერგთან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ევროსაბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეისთან. საქართველოს მთავრობის მეთაური ნიდერლანდების მეფის, უილემ ალექსანდერის მიერ გამართულ მიღებასა და სამუშაო სადილსაც დაესწრება. ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე საქართველოს 6-კაციანი დელეგაცია მიემგზავრება, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე. ბირთვული უსაფრთხოების გლობალური ფორუმის იდეა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას ეკუთვნის. პირველი სამიტი 2010 წლის 12–13 აპრილს – ვაშინგტონში, მეორე კი 2012 წელს, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები