თბილისის მერიამ ახალი ავტობუსების შემოსაყვანად ტენდერი გამოაცხადა

თბილისის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, თბილისის მერიამ ახალი ავტობუსების შემოსაყვანად ტენდერი გამოაცხადა.
როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, 22 იანვარს გამოცხადდა ტენდერი თბილისისთვის ახალი ავტობუსების შემოყვანის მიზნით, დაინტერესებულ კომპანიებს კი 45-დღიანი ვადა ექნებათ განცხადების შესატანად.
“დაინტერესებულ მწარმოებელ კომპანიებს აქვთ 45-დღიანი ვადა, რათა შემოიტანონ განაცხადები. ვფიქრობ, საკმაოდ კარგი კონკურენცია იქნება და შევარჩევთ ღირსეულ კომპანიებს, რომელიც გრძელვადიან პერიოდზე გათვლილ ავტობუსებს მოგვაწვდის. შესაბამისად, იქნება ასევე კონკურენტული ფასი”, – განაცხადა ნარმანიამ.
დედაქალაქის მერს საუბრისას არ დაუკონკრეტებია, ამ მომენტისათვის რამდენმა კომპანიამ გამოთქვა ტენდერში მონაწილეობის სურვილი. მან აღნიშნა, რომ ტენდერში მონაწილეობაზე კომპანიებისაგან საკმაოდ მაღალ აქტიურობას ელოდებიან და დაინტერესება იქნება. თბილისის მერია ახალი ავტობუსების შესაძენად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 30 მილიონი ევროს ღირებულების სესხს გამოიყენებს. აღნიშნული თანხით თბილისში 150 ახალი ავტობუსი უნდა შემოვიდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები