ლელა გულედანი: კვლევები და გამოკითხვები საჯარო სტრუქტურებმა მუდმივად უნდა აწარმოონ მოსახლეობაში

25 იანვარს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტრომ, საკონსულტაციო კომპანია ,,გლობალურ ალიანსთან“ ერთად, სოციალური კამპანია – ,,რა გაეწუხებთ?“ დაიწყო. ინტერნეტგვერდზე: www. 1505. ge ნებისმიერ ინტერნეტმომხმარებელს შეუძლია რამდენიმეკითხვიან გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, ჯანდაცვის სისტემაში არსებული ხარვეზებისა და სასურველი ცვლილებების შესახებ.

„დევნილთა პარტიის“ თავმჯდომარე ლელა გულედანი ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე ცვლილებებს აფასებს და იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც ჯერ კიდევ რჩება ჯანდაცვის სამინისტროს გამოწვევად.

– ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი სოციალური პროგრამა „რა გაწუხებთ?“ წამოიწყო. როგორ შეაფასებდით ამ ფაქტს?  
– სახელმწიფო პოლიტიკა იგეგმება მოსახლეობის ჩართულობით. ხალხს რაც აწუხებს, სწორედ ის თემები უნდა წამოვწიოთ წინ და სახელმწიფო პოლიტიკაში უნდა აისახოს ეს ყველაფერი. სწორედ ამიტომ ტარდება გამოკითხვები, რათა შეფასდეს გავლილი პროექტები და დარეგულირების მიზნით, განისაზღვროს ხარვეზი, გამოიკეთოს ახალი საჭიროებები და პრობლემები. ზოგადად, კვლევები საჯარო სტრუქტურებმა მუდმივად უნდა ატარონ მოსახლეობაში. როგორც წესი, ამას აკეთებს  სამოქალაქო სექტორი და შუამავლის როლს კისრულობს  მოსახლეობასა და მთავრობას შორის, მაგრამ ამ შემთხვევაში, თუ მსგავს პროექტს ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს, ამაში პრობლემა არ არის.  სახელმწიფო ინსტიტუტებს გააჩნიათ შესაბამისი  რესურსი, რომ მსგავსი კვლევა ჩაატარონ. ძალიან ბევრი კვლევა აქამდეც ჩატარებულა და მისასალმებელია, რომ სამინისტროც ანალოგიურს მიმართავს.
– აღნიშნული კვლევის შედეგებით უნდა გამოვლინდეს ის ძირითადი პრობლემები და ხარვეზები, რაც ჯანდაცვის სისტემაშია. თქვენი აზრით, რა გამოწვევები დგას ჯანდაცვის სამინისტროს წინაშე? რა პრობლემებია მოსაგვარებელი?
– ჯანდაცვის სისტემაში უამრავი პრობლემა არსებობს და შემიძლია ამაზე გესაუბროთ. სულ ახლახან დავასრულეთ ჩვენი პარტიის პლატფორმაზე მუშაობა. ჩვენ, ძირითადად, დევნილთა მიმართულებით ვმუშაობთ, მაგრამ წარმოდგენა გვაქვს ამ მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე. მიმაჩნია, რომ ბენეფიციარების ინფორმირებულობის დონე ძალიან დაბალია და საჭიროა მეტი რეკლამის, უკეთესი საინფორმაციო კამპანიის წარმოება. ასევე, პრობლემად რჩება მედიკამენტების მაღალი ფასი, სამედიცინო პერსონალის შრომითი უფლებების დარღვევა და დაბალი ხელფასები, რაც აისახება სამედიცინო მომსახურებისა და სერვისის ხარისხზე. გარდა ამისა, მოსაწესრიგებელია სადაზღვევო სისტემა. ბენეფიციარები ვერ იტარებენ პროფილაქტიკურ კვლევებს და მკურნალობას, რადგან მედიკამენტების ფასი ძალიან მაღალია და ექიმის დანიშნულებას ვერ მიჰყვებიან. ასევე, პირველადი ჯანდაცვის პრობლემაა ძალიან სერიოზული, თუმცა, როგორც ვიცი, ამ რგოლის რეფორმაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. გადასახედია გეგმური ამბულატორიული ოპერაციების ნუსხა, შეიძლება ზოგიერთი რამ ამოვიღოთ, თანხა გამოთავისუფლდება და ამით პირველადი რგოლის გაძლიერებას შევუწყოთ ხელი, ხოლო ნაწილი გეგმურისა გადავიდეს გადაუდებელში, რადგან საჭიროება უფრო მათზეა პაციენტებში. რაც შეეხება მედიკამენტების მაღალ ფასებს, გარკვეული ღონისძიებებია გასატარებელი. შეიძლება, თავად სახელმწიფო გახდეს შემომტანი.
რადგან ახსენეთ მედიკამენტების მაღალი ფასი, დღეს ხშირად ადანაშაულებენ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარს მონოპოლიზებულობაში, ხოლო მოთამაშე კომპანიებს კარტელურ გარიგებებში, რაც იწვევს პრეპარატებზე მაღალ ფასებს. სულ რამდენიმე დღეში ბაზარზე შემოდის კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“, რომელიც ბაზარზე ინდური წარმოების ჯენერიკ – მედიკამენტებს შემოიტანს და, როგორც აცხადებენ, დაბალ ფასებში. როგორ ფიქრობთ, ახალი მოთამაშის გამოჩენა რამდენად მნიშვნელოვანია ფარმაცევტული ბაზრის განვითარებისათვის?
– რაც დიდი არჩევანი იქნება ფარმაცევტულ ბაზარზე, კონკურენცია იქნება ჯანსაღი და მეტი კომპანია შემოვა, ეს მხოლოდ მისასალმებელია, რადგან მედიკამენტების ფასებზე იმოქმედებს. ხოლო ამ კომპანიის მიერ შემოტანილი პრეპარატები თუ მისაღები ხარისხისაა და ამას გააკონტროლებს სახელმწიფო,  პრობლემას ვერ ვხედავ. ამაზე სწორედ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. კარტელურ გარიგებაში, არა მგონია, ეს კომპანიაც შევიდეს, ხოლო ანტიმონოპოლიური სამსახური იმისთვის არსებობს, რომ ასეთ გარიგებებს ადგილი არ ჰქონდეს, იყოს პატიოსანი თამაში და ფასები თავად  ბაზარმა დაარეგულიროს. ამ ყველაფერს კვლავ სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს. სწორედ იმიტომაა ასეთი მდგომარეობა ფარმაცევტულ ბაზარზე, რომ შეიძლება ვიღაცებს კიდეც აწყობთ შექმნილი მდგომარეობა და კონკრეტული ადამიანები დგანან ბიზნესების უკან. სამწუხაროდ, ბიუროკრატიულ სისტემას ეს ახასიათებს.
– „ჰუმანითი ჯორჯია“ მედიკამენტებს შემოიტანს ინდოეთიდან. მოგეხსენებათ, როგორი სტერეოტიპული მიდგომაა საზოგადოებაში ინდური წარმოების პრეპარატების მიმართ. მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრება, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს მომავალში გეგმავს, ხომ არ შეუწყობს ხელს მედიკამენტების მიმართ სანდოობის გაზრდას და მსგავსი სტერეოტიპის მსხვრევას?
– ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არის ნდობის დეფიციტი. მოსახლეობა არც სახელმწიფოს ენდობა, არც კერძო ინსტიტუტებს, არც სამოქალაქო სექტორს. ფაქტობრივად, ძალიან ცუდი მდგომარეობაა. სახელმწიფომ უნდა შექმნას ინსტიტუტი, რომელიც გააკონტროლებს მედიკამენტების ხარისხს. ამიტომ, რაც უნდა ამტკიცოს სახელმწიფომ, რომ ინდური წამალი ხარისხიანია და ასე შემდეგ, საზოგადოებას ნდობა მაინც არ გაუჩნდება. დღეს ნდობის დეფიციტია. ზოგადად, ნდობა ყალიბდება თანამშრომლობით, პატიოსნებითა და თანამშრომლობით. ძალიან რთულია, რომ დღეს ხალხი დაარწმუნო.
– ანუ მოსახლეობის დარწმუნების ერთადერთი გზა საკუთარ თავზე გამოცდილებაა?
– რა თქმა უნდა, სჯობს შენს თავზე გამოსცადო და ისე დარწმუნდე. თუმცა, რადგან წამალი იაფი იქნება, მოსახლეობას სხვა გამოსავალი არც ექნება და შეიძენს კიდეც ამ წამალს, ხოლო თუ მას კარგი შედეგი ექნება, რასაკვირველია, ნდობაც ჩამოყალიბდება. აქ უკვე მედიკამენტების ფასზეა საუბარი და იმაზე, რომ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა ძალიან დაბალია. მნიშვნელოვანია, ექიმის რჩევა, რომელმაც უკვე მიიღო ეს მედიკამენტები და კარგი შედეგი ჰქონდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები