“გადაწყვეტილების ფორმულირებები შესაბამისობაშია საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფო ინტერესებთან”
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განცხადებასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სპეციალური ბრიფინგი გამართა. იუსტიციის მინისტრი მიესალმება იმ ფაქტს, რომ საქმე მთლიანად მოექცევა მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოში.
“ამ გადაწყვეტილების ფორმულირებები სამართლებრივად სწორია და შესაბამისობაშია საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფო ინტერესებთან. კერძოდ, განცხადებაში ნათქვამია არაერთხელ, რომ სამხრეთ ოსეთი არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ის არის საქართველოს ნაწილი. ასევე ნათქვამია, რომ ჰააგის სასამართლოს მხედველობაში იღებს მხოლოდ იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც, ერთის მხრივ, რუსეთში, მეორე მხრივ კი, საქართველოში ჩატარდა და ის არ და ვერ მიიღებს მხედველობაში საგამოძიებო მოქმედებებს, რომლებიც შეიძლება ჩატარებულიყო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ, რადგან სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არის,” – განმარტა თეა წულუკიანმა.
ჰააგის სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიების უფლება მიეცა. აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო კრიმინალურმა სასამართლომ (ICC) გუშინ მიიღო.